საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის სამშვიდობო პროცესზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს.
„პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა და თვლის, რომ პრეზიდენტ პუტინსაც სურს სამშვიდობო შეთანხმება, მაგრამ თუ საბოლოოდ ამ პროცესს უარყოფს, ჩვენ ასევე მზად ვართ ვთქვათ, რომ სანქციები უნდა გავზარდოთ“, – განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და უკრაინა უახლოეს დღეებში განაახლებენ კონტაქტს, ხოლო ორ-სამ კვირაში ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის მონაწილეობით სამმხრივი სამიტი გაიმართება.
ამასთან, მისი თქმით, ევროპის სამხედრო ძალებმა მომავალში უკრაინაში სამშვიდობო ოპერაციებში უნდა მიიღონ მონაწილეობა.
„ჩვენ დაგვჭირდება ძლიერი უკრაინული არმია და უკრიანის დახმარება ადგილზე ჯარისკაცების განლაგებით. დაგვჭირდება სამშვიდობო ოპერაციები, რომელთა უზრუნველყოფაც უკრაინის მოკავშირეებს სურთ“, – აღნიშნა მაკრონმა.
