საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში 29 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება.
ღონისძიებაზე მიწვეული არიან საარჩევნო კოლეგიის წევრები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.
შალვა პაპუაშვილის თქმით, რომელიც ინაუგურაციას საპროტოკოლო ნაწილს განსაზღვრავს, ელჩები და უცხოელი სტუმრები ღონისძიებაზე მიწვეული არ არიან.
„ელჩები დაპატიჟებულები არ არიან… არც მქონდა განსაზღვრული, მოგვეწვია უცხო ქვეყნის წარმომადგენლები. ამავე დროს, რა თქმა უნდა, დარბაზსაც აქვს გარკვეული შეზღუდვები, თუმცა ეს არის მთავარი განმაპირობებელი. მთავარი არის ის, რომ ეს არის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც მნიშვნელოვანია, თავად საარჩევნო კოლეგიის წევრები დაესწრონ და ასევე კონსტიტუციური ორგანოები სრულად იყვნენ წარმოდგენილი“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა საპარლამენტო რესპუბლიკებში არსებულ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ინაუგურაცია პარლამენტში იმართება.
„რაც შეეხება ინაუგურაციის პროცესს, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს არის პირველი და ისტორიული მომენტი ჩვენთვის, ვინაიდან საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ხდება. როგორც საპარლამენტო რესპუბლიკების საერთო ტრადიციაა, ინაუგურაციის პროცესი პარლამენტის შენობაში იმართება. ჩვენ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საინაუგურაციო კონსტიტუცია დავბეჭდეთ, რომელიც პირველად იქნება გამოყენებული ამ ღონისძიებაზე პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთვის და შემდეგ ეს კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტის მუზეუმში შეინახება და ყოველ ჯერზე პრეზიდენტის ინაუგურაციისას, ზუსტად ეს იქნება გამოყენებული – ეს ეგზემპლარი. ასე რომ, ესეც თავისთავად დარჩება ისტორიული ეგზემპლარი. მისი სამი თანაბარწონადი ასლი დამზადდა – ერთი პარლამენტის მუზეუმში განთავსდება, მეორეს გადავცემთ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, ასევე სახელმწიფო არქივს“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
29 დეკემბერს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე გამოცხადდა. მედიის წარმომადგენლებს ერთჯერადი აკრედიტაციებით შეუშვებენ ბ კორპუსის 0 სართულზე მოწყობილ მედიასივრცეში, შესაბამისად, მათ ინაუგურაციისთვის თვალის დევნება მხოლოდ ეკრანზე შეეძლებათ.
„ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე წლის ზაფხულში შეიტანა ცვლილებები „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონში, რომლის თანახმადაც:
· საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების ცერემონია იმართება მის მიერ თანამდებობის დაკავების წინ, მისი არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში.
· საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების ცერემონიის საპროტოკოლო ნაწილს განსაზღვრავს, აგრეთვე ცერემონიას ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. აღნიშნული ცერემონიის ორგანიზებისა და გამართვის ხარჯები ფინანსდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან.
