ელისაშვილი: ნინო ნადირაძის მიერ ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის ვივამედი სამართალდამრღვევად ცნეს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კლინიკა ვივამედი სამართალდამრღვევად ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ავრცელებს
უწყებამ გადაწყვეტილება სწორედ ელისაშვილის საჩივრის საფუძველზე მიიღო. პოლიტიკოსმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მას შემდეგ მიმართა, რაც ვივამედის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მისი რენტგენის სურათს საჯაროდ, პირად ფეისბუქგვერდზე გავრცელა.
ვივამედს სახდელის სახით შეეფარდა მხოლოდ გაფრთხილება. მუხლისთვის, რომლის დამრღვევადაც კლინიკას დაუდასტურდა (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის 68-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ბ ქვეპუნქტი – განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემთა დამუშავება კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე). გარდა ამისა, ნინო ნადირაძეს დაევალა ელისაშვილის რენტგენის სურათის წაშლა საკუთარი ფეისბუქ-გვერდიდან [თუმცა, ამ დროისთვის – 11:45 საათი – ინფორმაიცა კვლავ საჯაროდ ხელმისაწვდომია].
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კლინიკა “ვივამედი”, ნინო ნადირაძის მიერ ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის, სამართალდამრღვევად ცნო. არადა, ხომ გახსოვთ ეს ნინო ნადირაძე როგორ ირწმუნებოდა, არანაირ ეთიკის წესებს მე არ ვარღვევო და თან ჩემი რენტგენის ფოტო (პაციენტის პირადი ინფორმაცია) ფეისბუქზე გამოდო. ასეთი უცნაური კლინიკაა, არც დიაგნოზს გისვამენ სწორად და თქვენს პერსონალურ მონაცემებსაც სად გამოდებენ, კაცმა არ იცის. მოკლედ, არ გაეკაროთ და არ ანდოთ თქვენი ჯანმრთელობა ამ სამართალდამრღვევებს”, – წერს ელისაშვილი და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის აქვეყნებს.
ნადირაძემ ელისაშვილის სამედიცინო ინფორმაცია საკუთარ პირად ფეისბუქგვერდზე 2024 წლის 10 იანვარს გამოაქვეყნა. იქამდე, ელისაშვილმა, ასევე საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ ვივამედში არასწორი დიაგნოზი დაუსვეს.
“როგორც ჩანს, “ვივამედი” ისე აცხობს და წერს აქციებზე ნაცემი და დაკავებული ხალხის დიაგნოზებს, როგორც ზემოდან დაურეკავენ და დაავალებენ. ჩემი დაკავებისას თავი გაიგიჟეს, გამოკვლევები ჩამიტარეს, რენტგენიც გადამიღეს და მხოლოდ დაჟეჟილობა გაქვსო. ბოლო დროს ტკივილმა მომიმატა, დღეს ტომოგრაფია გადავიღე და ნეკნი მქონია მოტეხილი. წარმომიდგენია, სხვა უფრო მძიმე დაზიანებების დროს დიაგნოზებში რას ჯღაბნიან. სცემთ, აკავებთ ხალხს, ჯანდაბას, დიაგნოზი მაინც უთხარით მართალი, იქნებ, ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის ამბავს წყვეტს”, – დაწერა ელისაშვილმა.
სწორედ ამ პოსტის საპასუხოდ გამოაქვეყნა ნადირაძემ ელისაშვილის რენტგენის სურათი და დაწერა რომ “არანაირი მწვავე ტრავმა არ აღინიშნებოდა”.