“ელექტროენერგიის კუთხით, რეგიონებში ხშირია ავარიები, განსაკუთრებით უამინდობის დროს” – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ელექტროენერგიის კუთხით, რეგიონებში რთული მდგომარეობაა, კერძოდ, ხშირია ავარიები, განსაკურებით უამინდობის დროს. როგორც დავით ნარმანია გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” აღნიშნავს, პრობლემაზე კომპანიის რეაგირება საკმაოდ დროულია, თუმცა ხელის შემშლელი ფაქტორი მოძველებული ინფრასტრუქტურაა.
მისივე თქმით, მარეგულირებელი კომისიის მთავარი ამოცანაა, გამანაწილებელი კომპანიებისა და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის ოქროს შუალედის დაცვა.
სემეკის თავმჯდომარე სექტორში მიმდინარე გამოწვევებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამჟამად, მთავარი გამოწვევა ქსელში ავარიები და ავარიებზე რეაგირებაა.
“მაგალითად, გურიაში, იმერეთში სტიქიური უბედურება, რაც იყო, დღეები დასჭირდა, რომ გზები გაწმენდილიყო, მომხმარებლებს ენერგია მიეღოთ. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც საკმაოდ დიდია ინვესტიციის მოცულობა, იქაც არის მსგავსი ავარიები და აღნიშნული ავარიების აღდგენას დღეები სჭირდება. მეორე გამოწვევაა: ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ქსელში ერთბაშად დიდი ინვესტიცია ჩავდოთ, რადგან ეს ტარიფებს მნიშვნელოვნად გაზრდის. მიმდინარე წელს “თელასის” გეგმაა ₾115 მილიონი დახარჯოს, ხოლო “ენერგო-პრო ჯორჯია” ₾200 მლნ-ით შემოიფარგლება. ჩვენ, ერთი მხრივ, ვუყურებთ რა მდგომარეობაა ქსელში, მეორე მხრივ გეგმაზომიერად კომპანიებს ვეუბნებით, დაახლოებით ქსელში რა მოცულობის ინვესტიცია უნდა ჩადონ, რომ მდგომარეობა არ გაუარესდეს და პირიქით ეტაპობრივად გაუმჯობესება მოხდეს”, – აღნიშნავს დავით ნარმანია.
სემეკის თავმჯდომარემ ასევე “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნულმა კომპანიამ ქსელის განვითარებისთვის თანხები მოიზიდა.
“ჩვენ, როდესაც მოვუწოდეთ “ენერგო-პრო ჯორჯია” ქსელში მეტი ინვესტიცია ჩაედო, ამ ყველაფერს გაგებით შეხვდა. შემხვედრ ნაბიჯზე გამოვიდა, მოიზიდა ფული და ქსელის განვითარებასა და ქვესადგურებში ფული ჩადო. ეს ყველაფერი ტარიფებზე მოქმედებს, თავის დროზე, როდესაც ჩვენ გამანაწილებელი კომპანიების ტარიფები დავადგინეთ, გაზრდილი საინვესტიციო გეგმები გათვალისწინებულია. მომავლისთვის დეკემბრის ბოლოს, როცა ტარიფს დავადგენთ, ასევე გავითვალისწინებთ, ახალი საინვესტიციო პაკეტის ფარგლებში, რა თანხებიც იქნება დასახარჯი. ზოგადად, პერიოდულობა, რომ გითხრათ – გამანაწილებელი ქსელის განვითარების გეგმა 5-წლიანია და პერიოდულად გადახედვა, განახლება ხდება”, – აღნიშნავს დავით ნარმანია.