ელენე ხოშტარია: წულუკიანის დასკვნა იყო ტექსტი, რომელიც უნდა წაიკითხოს პუტინმა… ეს არის ისტორიული ღალატი

“წულუკიანის დასკვნა იყო ტექსტი, რომელიც უნდა წაიკითხოს პუტინმა…  ეს არის ისტორიული ღალატი” – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ისაუბრა.

მისი თქმით, ს საგამოძიებო კომისიის დასკვნა “აუცილებლად შევა ისტორიის წიგნებში, როგორც ორჯონიკიძე და მსგავსი მოღალატეები.

ვართ ხელისუფლების მხრიდან ძალიან აქტიური მცდელობის ეტაპზე ქვეყანა მოაქციოს სრულ იზოლაციაში, აბსოლუტურად მოგლიჯოს ყველაფერ ნორმალურს რაც კი არსებობს, ყველანაირ პარტნიორს, განვიტარებას, ყველანაირ პერსპექტივას, ევროპულ მომავალს, ყველანაირ ევროპულ უკვე რასაც მივაღწიეთ იმასაც, ვიზებს, ფიზიკურად ჩაგვკეტოს…

მეორე, ანგრევენ სახელმწიფოებრიობას. დღევანდელი წულუკიანის [დასკვნა] აუცილებლად შევა ისტორიის წიგნებში, როგორც ორჯონიკიძე და მსგავსი მორალატეები. ყველანაირი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ემოციურად არ ვამბობ, ეს იყო ტექსტი, რომელიც უნდა წაიკითხოს პუტინმა, ეს იყო პუტინის ტექსტი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის ისტორიული ღალატი 21-ე საუკუნეში მაშინ, როდესაც უდიდესი შანსი აქვს ამ ქვეყანას, აი მაშინ ეს არის ზურგში ჩარტყმული დანა,” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დღეს, პარლამენტში, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი არალეგიტიმურს უწოდებს,  ე.წ. თეა წულუკიანის კომისიის დასკვნა განიხილეს.

დასკვნა მისივე პარტიას თეა წულუკიანმა გააცნო. დოკუმენტი 460-გვერდიანია.

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც წულუკიანმა ტრიბუნიდან ისაუბრა, 2008 წლის აგვისტოს ომია.

წულუკიანის მტკიცებით, “2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს”.