ელენე ხოშტარია – “ქართულმა ოცნებამ“ დაბნეულობის ფონზე თან ხმა მისცა რეზოლუციას, თან ვერ მისცა – მივიღეთ ე.წ. ხელისუფლების პოზიცია, რომელიც სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მხარს არ უჭერს

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მოხდა არის ის, რომ ჩვენი პარტნიორები მთელი მსოფლიოდან პირდაპირ იძახიან, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი საქართველოში არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც სირიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
„გვსურს „ქართული ოცნების“ მორიგ მოღალატეობრივ ქმედებას გამოვეხმაუროთ. ამასთანავე, „ქართული ოცნების“ საკმაოდ დაბნეულ, დასუსტებულ მოქმედებას საერთაშორისო ასპარეზზე. როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, მათ დიდი დაბნეულობის ფონზე თან ხმა მისცეს რეზოლუციას და თან ვერ მისცეს [ხმა], თან ვერ თქვეს, იჩხუბეს, იკამათეს და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ე.წ. ქართული ხელისუფლების პოზიცია, რომელიც სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მხარს არ უჭერს.
აქვე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ და პროდასავლური ოპოზიცია იმის ინიციატორი იყო, რომ სირიამ (სადაც რეჟიმი შეიცვალა) აფხაზეთის აღიარება უკან წაიღოს. „ქართულმა ოცნებამ“ ამას არა თუ ხელი არ შეუწყო, არამედ კამპანია წამოიწყო, საერთაშორისო შესაძლებლობას დაუპირისპირდა, რომ დღეს ეუთოში ეს ასე მომხდარიყო. ეს ამ ხელისუფლების დიდი ლუსტრაციაა. ერთი მხრივ, რუსული ბუნების, მეორე მხრივ, დაბნეულობის, შიშის, საერთაშორისო წნეხის ქვეშ დაბნეული მოქმედების.
მეორე მნიშვნელოვანი, რაც ამ ასამბლეაზე მოხდა არის ის, რომ ჩვენი პარტნიორები მთელი მსოფლიოდან პირდაპირ ამბობენ, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი საქართველოში არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი.
ამ ბრიფინგს მხოლოდ იმ მიზნით ვატარებ, რომ საზოგადოებას ესმოდეს ჩვენ და საერთაშორისო წნეხს რამხელა ძალა აქვს, რომელიც აგდებს, კუთხეში ამწყვდევს ამ რუსულ რეჟიმს. მათ ბევრჯერ ლუსტრირება და საკუთარი გადაწყვეტილების უკან წაღება მოუწევთ და ასეთი საჯარო, კომიკური კამათი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ რეჟიმთან ჩვენ ბრძოლა გავაგრძელოთ, გავაგრძელოთ ბრძოლა შიგნიდან, რასაც დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა მოჰყვება“, – განაცხადა ხოშტარიამ.