ე.წ. სახაზინო ადვოკატი, ვინმე შარლატანი ირაკლი ბენია, ჩემი ნების წინააღმდეგ ბრძანდებოდა ჩემთან „კაპეზეზე“. წუთიც არ დამჭირდა მეთქვა, რომ ის არის არალეგიტიმური წარმომადგენელი და არ ვცნობ მას, როგორც ადვოკატს, ამიტომ გავაგდე ოთახიდან,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, საპატიმროში მყოფი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ახლა გაიგო, რომ სახაზინო ადვოკატი აპირებს, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე, მისი ნების საწინააღმდეგოდ.
როგორც ხოშტარია განმარტავს, “დანაშაული არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს ადვოკატი“.
“ე.წ. სახაზინო ადვოკატი, ვინმე შარლატანი ირაკლი ბენია, ჩემი ნების წინააღმდეგ ბრძანდებოდა ჩემთან „კაპეზეზე“. წუთიც არ დამჭირდა მეთქვა, რომ ის არის არალეგიტიმური წარმომადგენელი და არ ვცნობ მას, როგორც ადვოკატს, ამიტომ გავაგდე ოთახიდან. ახლა კი გავიგე, რომ აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ.
ნათლად განვაცხადე, მყავს არაჩვეულებრივი იურისტები, კერძოდ შოთა თუთბერიძე, მაგრამ ეს საქმე არ არის, ეს სასამართლო არ არის და საერთოდ არ მაინტერესებს იქ ვინ რას ბოდიალობს. დანაშაული არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს ადვოკატი.
პს. ეს ვინმე ბენია იმავეს აკეთებდა სინდისის პატიმრებთან გლდანში. იქიდანაც გამოაბუნძულეს.
ამიტომ ყველამ გაითვალისწინეთ, რაც არ უნდა თქვას ან დაწეროს ამ შარლატანმა, ჩემთან კავშირში არ არის. მას არ გააჩნია თანხმობა და ამ ქმედებით, სავარაუდოდ, არღვევს კანონსაც”, – წერს ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა, თუმცა ელენე ხოშტარია გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.