ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს

პოლიტიკოსებმა, „დროას“ დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც რვა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ შეთანხმებას მიაღწიეს 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არმონაწილეობასთან დაკავშირებით.
ამ რვა პარტიას შორის არ არიან არც „ლელო“ და არც გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“.
დღეს საღამოს, 30 ივნისს ხოშტარიამ და სხვა პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან გააკეთეს ერთობლივი განცხადება.
ხოშტარიას თქმით, შიმშილობა შეწყვიტა მათთან ერთად მოშიმშილე სამმა აქტივისტმა: ბაჩო კუციამ, ვასილ ელიავამ და გიორგი სტეპანოვმა.
გორელმა აქტივისტმა ვახტანგ ფიცხელაურმა, – რომელიც შაბათიდან მოყოლებული ასევე შიმშილობდა პარლამენტთან, – ასევე შეწყვიტა შიმშილობა.
ხოშტარიამ წაიკითხა განცხადება, რომლის თანახმადაც ხელმომწერი პარტიები უარს ამბობენ „ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე“, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს „ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს“.
ხელმომწერი პარტიები არიან:
· „თავისუფლების მოედანი“ („ძლიერი საქართველოს“ კოალიციის ყოფილი წევრი)
· „ევროპული საქართველო“
· „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
· „სტრატეგია აღმაშენებელი“
· „ახალი“
· „გირჩი-მეტი თავისუფლება“
· „დროა“
· „ფედერალისტები“
ხოშტარიამ 29 ივნისს თქვა, რომ შიმშილობას შეწყვეტდა, თუ ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებდა.
„იმედი მაქვს, „ლელოც“, – გახარიაც, თუ გადაწყვეტენ, – ყველა შემოუერთდებიან ამ ბრძოლას, რადგან ეს [არჩევნებში არმონაწილეობა] არის სახალხო მოთხოვნაც და სისტემის დემონტაჟის აუცილებელი გზა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ ტვ პირველთან ჩართვაში.
ხოშტარიამ შიმშილობა 27 ივნისს შიმშილობა გამოაცხადა. „მზად ვარ, თავი შევწირო რეჟიმს“, – თქვა მან და საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. მეორე დილას მას ფოფხაძე და აქტივისტები შეუერთდნენ.
ფორუმი