ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი ელენე ქორიძე საუბრობს მოსწავლეების და სტუდენტების “საფრთხის განცდაზე”, რომელიც მათ შეიძლება დაემუქროთ განათლების სფეროში რეფორმების კვალდაკვალ და ამბობს, რომ “უნდა დავიბრუნოთ კონტროლის განცდა”.
ამ საკითხებზე მან 26 დეკემბერს განათლების სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ისაუბრა.
„ მინდა, მადლობა გადავუხადო მშობლებს, რომ მომიწვიეს აქ სასაუბროდ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც შეიძლება დადგნენ მშობლებიც, პედაგოგებიც, მასწავლებლებიც და სტუდენტებიც.
ბოლო პერიოდში, კანონებში რაც ცვლილებები შედის, იქნება ეს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონი თუ განათლების რეფორმა, ეს ყველაფერი კეთდება დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე. ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიის გზას გადავუხვიეთ უკვე დიდი ხანია და ფაქტობრივად, ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი განსაზღვრავს, რა სჭირდება საზოგადოებას.
ეს საზოგადოებას უჩენს განცდას იმისა, რომ მისი აზრი არ არის მნიშვნელოვანი, რაც საგანგაშოა. როგორ შეიძლება, რომ განათლების რეფორმა იგეგმებოდეს მასწავლებლების, მოსწავლეების, მშობლების, განათლების სპეციალისტების ჩართულობის გარეშე? ეს აჩენს განცდას იმისა, რომ შენი აზრი არ ნიშნავს არაფერს, შენ ვერაფერს შეცვლი ამ საზოგადოებაში”, – ამბობს ელენე ქორიძე.
მისი თქმით, ეს ვითარება გავლენას ახდენს ადამიანებზე, მოსწავლეებზე ნეირობიოლოგიურ დონეზეც კი:
“ყველაფერზე გავლენას მოახდენს, ადამიანის ნეირობიოლოგიურ დონეზეც კი, ის განუსაზღვრელობის განცდა, რაც ახლა შეიძლება ჰქონდეთ სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს. ჩვენ ვიცით, რომ მომავალ წელს მე-11 და მე-12 კლასი ერთდროულად დაამთავრებს სკოლას. ეს განუსაზღვრელობის განცდა არის ისეთი რამ, რომ თავის ტვინში „ამიგდალა“, რომელიც საფრთხეზე არის ორიენტირებული, საფრთხის ამოცნობაში გვეხმარება, ვერ არჩევს რეალურ, ფიზიკურ თუ სტრუქტურულ საფრთხეებს. ის ყველაფერს აღიქვამს საფრთხედ და შესაბამისად, ჩვენი თავის ტვინი გადადის გადარჩენის რეჟიმში, ნაცვლად იმისა, რომ განვითარებაზე იყოს ორიენტირებული. რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში არის ჩვენი თავის ტვინი გადარჩენის მოდუსში, მით უფრო ითიშება ჩვენი თავის ტვინის ქერქი, რომელიც რაციონალურ აზროვნებაზე, გადაწყვეტილების მიღებაზე, პრობლემის გადაჭრაზეა ორიენტირებული.
ამ დროს კორტიზოლი ძალიან დიდი რაოდენობით გამოიყოფა, რაც ხელს უშლის იმას, რომ ადამიანს ჰქონდეს იმის რესურსი, ისწავლოს, განვითარდეს და სრული კოლაფსი იწყება.
ფაქტობრივად, ადამიანი გადადის გადარჩენის რეჟიმში და ეს გავლენას ახდენს მოტივაციაზეც. ადამიანს აქვს განცდა, რომ მე, როგორც მოსწავლეს, მშობელს, სტუდენტს, არავინ მეკითხება, რა ცვლილებები იგეგმება. ჩემი აზრი არ არის მნიშვნელოვანი. ნელ-ნელა ჩემი თვითშეფასება, თავდაჯერებულობა მცირდება და გადავდივარ „დასწავლილი უსუსურობის“ მდგომარეობაში.
ამას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა „ქართული ოცნება“. ეს არ არის დღეს მომხდარი ცვლილება. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ადამიანებს ეუბნებოდნენ, იცი რა, შენი საქმე არ არის პოლიტიკა, შენი საქმე არ არის ცვლილებები, რა შეიძლება დაიგეგმოს და ა.შ. და ჩვენ მივიღებთ ტოტალიტარულ მმართველობას, ამაზე არის ორიენტირებული ეს ცვლილებები”.
“ტოტალიტარულ მმართველობას არ სჭირდება კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი, არ სჭირდება ადამიანი, რომელიც გამოთქვამს თავის აზრს, მას არ სჭირდება თავისუფალი საზოგადოება და საბოლოო ჯამში, ყველა ეს მცდელობა მიმართულია იქითკენ, რომ მივიღოთ დახურული საზოგადოება. თუმცა, ამის მცდელობა რამდენად გამოუვათ, ყოველ შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში, იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება.
ჰანა არენდტს აქვს თავის წიგნში „ტოტალიტარიზმის შესახებ“ ძალიან კარგად აღწერილი, რა კომპონენტები არის საჭირო იმისთვის, რომ ტოტალიტარული რეჟიმი დამყარდეს: იყოს დახლეჩილი საზოგადოება, სადაც ვერ ვთანხმდებით ძირითად საკითხებზე; იყოს ერთი ადამიანი – „ძლევამოსილი“, რომელიც ყველას გადაარჩენს; ადამიანებს წაართვან ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები და შეგვაგუონ იმ ბოროტებას, რასაც ისინი სჩადიან. მაგრამ ტოტალიტარული რეჟიმი გაიმარჯვებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანები შეეგუებიან იმას, რაც ხდება. დღეს ქართული საზოგადოება არ ეგუება და ის, რომ ვლაპარაკობთ, ის, რომ ხმას ვიმაღლებთ ამ ყველაფრის წინაშე, ეს არის ნიშანი იმისა, რომ კონტროლის განცდის დაბრუნება ხდება – ჩვენი ხმა მნიშვნელოვანი არის. როგორც კი შეგვაგუებენ იმას, რომ ჩვენი ხმა არ არის მნიშვნელოვანი, ფაქტობრივად, გაცხადებულად ტოტალიტარული რეჟიმი იქნება დამყარებული. ჩვენ ამის წინააღმდეგ უნდა ვისაუბროთ ყველგან, ყველა ფორმატში.
მე მეკითხებოდნენ, რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს? ერთადერთი, ამ სიტუაციაში, რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი, არის ის, რომ ჩვენ, ადამიანებმა, დავიბრუნოთ კონტროლის განცდა, რადგან კონტროლის განცდა გვაძლევს იმის საწინდარს, რომ ჩვენ რაღაც ცვლილების მოხდენა შეგვიძლია. ამიტომ, ანგარიშვალდებულების მოთხოვნა სახელმწიფოს მიმართ არის ჩვენი, როგორც მოქალაქეების, ვალდებულება და პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ არ შეიძლება, ვიღაც ერთი ადამიანი განსაზღვრავდეს იმას, რა სჭირდება საზოგადოებას. ეს არის ძალიან უხეში ჩარევა და დარღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების. განათლება არის ყველას უფლება და მე არ ვარ სამართლის სპეციალისტი, მაგრამ ალბათ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური და გადახვევა იმ ყველა სტანდარტის ნორმის, დემოკრატიულ საზოგადოებას რაც სჭირდება.
ძალიან ბევრი მოსწავლეა, რომელსაც აქ ვხედავ და მინდა, მათ იცოდნენ, რომ მათი ხმა, მათი აზრი ყოველთვის არის მნიშვნელოვანი და არ შეიძლება, მათი ჩართულობის გარეშე მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მათ ცხოვრებას განსაზღვრავს. ამიტომ, არ ვიცი, მე არ მაქვს რეცეპტი, მაგრამ მგონია, რომ ეს არის ახლა ის, რაც ყველას შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ”, – ასე მიმართა ელენე ქორიზემ 26 დეკემბერს განათლების სამინისტროსთან შეკრებილებს.




