ელენე მაცხონაშვილი: დღესაც მინდოდა, წინასწარი დაკავების ოზოლატორში წერილი შემეგზავნა ,,გურამ მიყვარხარ” – არაო, წერილები არ შეიძლებაო

“გურამი რო დაიბადა 8 წლის ვიყავი. სამშობიაროში მივედით, დედას ორცხობილა შევუგზავნეთ, წერა ახალი ნასწავლი მქონდა და ორცხობილის ყუთზე დავაწერე: ,,გურამ მიყვარხარ”. თავიდანვე ჩემს ოთახში შემოასახლეს და ერთი კვირის თავზე მარტო, დამოუკიდებლად ვიტოვებდი.
5 წლის რომ გახდა პატარა სტატიების წერა დაიწყო პოლიტიკაზე და სპორტზე, გაზეთს აკეთებდა და მთელ ტირაჟს მე ვყიდულობდი. ასანთის ღერებს მიკროფონებად იყენებდა და სათამაშო ცხოველებით პარლამენტის სხდომებს დგამდა, დგამდა რა თამაშობდა ეგრე. ხუდადოვის ტყეში საგვარეულო ნივთებს მალავდა, მარხავდა და მერე კლასელებთან ერთად რუქით ეძებდა. სკოლაში წასვლამდე, მის ყველა დაბადების დღეზე ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებს აწყობდა სახლში, რესპუბლიკელი ან დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ, ფარული ხმის მიცემის უფლება დაბადების დღეზე მოსულ სტუმრებს ჰქონდათ. საჩუქრების გახსნაზე მნიშვნელოვანი მაგ საარჩევნო ყუთის გახსნა და ხმების დათვლა იყო.
სულ ორჯერ ვიჩხუბეთ, ერთხელ მაღაზიაში არ გამეგზავნა, მეწყინა და გავებუტე. მეორედ ავადსახსენებელ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობა რომ მივიღე, ეწყინა და გამებუტა.
დედაჩემს, როცა გურამის ქცევაში რაღაც არ მოსწონს, (მაგალითად და ძირითადად როცა იჭერენ) შენი გაზრდილიაო მეუბნება. ვიბღინძები. უფრო მნიშვნელოვანი, საღი, საამაყო და სწორი არც არაფერი ჩამიდენია.
დღესაც მინდოდა, წინასწარი დაკავების ოზოლატორში წერილი შემეგზავნა ,,გურამ მიყვარხარ” – არაო, წერილები არ შეიძლებაო და მარტო წყალი და ხილი გავუგზავნე.
ჩემი სოლიდარობა, სიყვარული, თანადგომა და პატივისცემა ყველა უკანონო პატიმარს!” ” – წერს სოციალურ ქსელში გურამ მაცხონაშვილის და, ელენე მაცხონაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, პოლიციამ თემქის პოლიციასთან რამდენიმე ადამიანი ძალის გამოყენებით დააკავა, მათ შორისაა რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი. რეჟისორ დათა თავაძის ცნობით, ასევე დააკავეს მსახიობი თამარ ჩუმაშვილი და თეატრ “ჰარაკის” მენეჯერი მარიამ პაიჭაძე.

-ს ცნობით, ადმინისტრაციული წესით 6 ადამიანია დაკავებული.

აქციის მონაწილეები სარაჯიშვილის მეტროდან თემქის პოლიციასთან მივიდნენ. რამდენიმე მათგანს პირბადე ეკეთა, რის გამოც,  პოლიციამ მათ უთხრა, რომ აქციაზე სახის დაფარვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ნიღბების მოხსნა მოსთხოვა. აქციის მონაწილეებმა კი პოლიციელებს უპასუხეს, რომ არ ემორჩილებიან ამ კანონს, რასაც დაკავებები მოჰყვა.

აქციის მონაწილეები პოლიციის შენობასთან, სწორედ, პოლიციის ძალადობრივი ქმედებების გასაპროტესტებლად მივიდნენ.