მოკლედ
· მოსამართლე დავით მაკარაძემ 4 და 7 დღით გაუშვა იზოლატორში პოლიტპატიმრად მიჩნეული მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე დაკავებული ელენე ბერიკაშვილი და გია ჯვარშეიშვილი.
· 35 წლის მაკარაძე მოსამართლე 2021 წელს გახდა და 2025 წლის ნოემბრამდე გორის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ის “მივლინების საფუძველზე” მუშაობს.
· დაკავებულებს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა შსს, რაც აქციაზე გზის სავალ ნაწილზე მოძრაობაში გამოიხატა – ისინი სასამართლოს უხსნიდნენ, რომ ცდილობდნენ ტროტუარზე ყოფნას, თუმცა პოლიციის ალყაში მოქცეულებს მოძრაობა უჭირდათ.
დავით მაკარაძემ ელენე ბერიკაშვილისა და გია ჯვარშეიშვილის საქმეები ერთად განიხილა. მან არ გაითვალისწინა ჯვარშეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თხოვნა სხდომის გადადების შესახებ – დაკავებული, რომელსაც სასამართლოში ექიმის დახმარებაც დასჭირდა, ამბობდა, რომ მაღალი წნევა ჰქონდა და თავს ცუდად გრძნობდა.
ბერიკაშვილი და ჯვარშეიშვილი 19 ნოემბერს პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე დააკავეს – ამ დღეს თსუ-დან მელიქიშვილამდე მათე დევიძის მხარდამჭერი მარში იმართებოდა, თუმცა იმის გამო, რომ პოლიცია დემონსტრანტებს მხოლოდ ტროტუარზე ყოფნისა და გადაადგილების საშუალებას აძლევდა, მარში კი ალტერნატიულ მარშრუტების ათვისებას ცდილობდა, მსვლელობა დაგეგმილზე ხანგრძლივი და ფართომასშტაბიანი აღმოჩნდა. ამ დღის ბოლოს, პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა, მათ შორის იყვნენ ელენე ბერიკაშვილი და გია ჯვარშეიშვილი.
შსს ყველა დაკავებულს 173-ე მუხლის მე-3 ნაწილით, პოლიციის დაუმორჩილებლობის განმეორებით ჩადენას ედავებოდა.
გია ჯვარშეიშვილმა და ელენე ბერიკაშვილმა სხდომაზე განაცხადეს, რომ პოლიციის ალყაში იყვნენ მოქცეული. ჯვარშეიშვილის თქმით, მას პოლიციელი ზურგში სწვდა და დააკავა, ელენე ბერიკაშვილმა კი თქვა, რომ ემორჩილებოდა პოლიციის მოწოდებას გზის გაგრძელებაზე და ტროტუარზე არსებული დაბრკოლებების მიუხედავად, გადაადგილებას ცდილობდა.
გია ჯვარშეიშვილი პოლიციას არაერთხელ ჰყავს დაკავებული – 2024 წლის დეკემბერში, ხალხმრავალი დემონსტრაციებისას დაკავებისას, ის სპეცრაზმელების მხრიდან წამების მსხვერპლი გახდა.
ბოლო დაკავებისას – რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო – ის იზოლატორში შიმშილობდა.
ფორუმი




