სამარცხვინოა კალაძის განცხადება და სამწუხარო , – ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელი, ელგუჯა ხოკრიშვილი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის მიერ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ანა ლიურმანზე საუბრისას განაცხადა, რომ „ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში”.
როგორც ელგუჯა ხოკრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ქვეყანა შევედით ძალიან საშიშ ფაზაში, რადგან სრულ იზოლაციაშია.
„ის არის გერმანიის სახელმწიფო მინისტრი, რომლის პორტფელშიც ევროკავშირთან ურთიერთობებია. სტრატეგიული ბუნდოვანება, რაც ცოტა ხნის წინ კიდევ არსებობდა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით, რომ ისინი ისინი ნაბიჯებს დგამდნენ თუნდაც დემოკრატიისკენ, თუნდაც ევროკავშირისკენ, ეს სტრატეგიული ბუნდოვანება სრულიად მოხსნილია.
შევედით ძალიან საშიშ ფაზაში. სრულ იზოლაციაშია ქვეყანა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას ვგულისხმობ. ამას ოფიციალურადაც აცხადებენ. გაყინულია თითქმის ყველანაირი მაღალი დონის შეხვედრები, ასევე გარკვეულწილად გაყინულია თანამშრომლობის ფორმატები, პროგრამები, რომელიც არსებობდა საქართველო ევროკავშირსა და ცალკეულ წამყვან ქვეყნებს შორის.
გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ ჰქონდა ფართო სპექტრი თანამშრომლობის და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს მივედით ამ ნიშნულზე, რომ გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ხაზს უსვამს და საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს მთავრობას ერთმანეთისგან მიჯნავს. თვლის, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპელები არიან და მათი მომავალი არის ევროპაში და იმედი აქვთ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გააკეთებს სწორ არჩევანს“, – განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის განაცხადებით, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა „ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას“.
აღნიშნულ განცხადებას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „არ ვიცი, ვინაა ეს ქალბატონი [ანა ლიურმანი]. ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში. ეს არის ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ“.