ელაშვილების ოჯახის გაუგონარი ტრაგედია – “ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს – უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო”

საშინელი ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა და დღემდე დავიწყებას არ მისცემია, სიღნაღში გასულ საუკუნეში მოხდა. სოფელ ჯუგაანში ორსართულიანი ძველი სახლი საზარელი ღამის გაუგონარ ამბებს ახლაც ინახავს. 1921 წელს ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს – უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო. ელაშვილების ოჯახში სასტიკ სისხლის ღვრას მხოლოდ რამდენიმე წევრი გადაურჩა.

რუსული ხიშტის ნაკვალევშემორჩენილი სახლის სანახავად ელაშვილებთან ჩავედით. ტრაგედიას გადარჩენილთა შთამომავლებმა გვითხრეს, რომ მათი წინაპრები, რომელთაც ქიზიყში დაბანაკებულმა რუსმა წითელარმიელებმა ორსული ცოლები და შვილები ჯერ უწამეს, მერე კი დაუხოცეს, მალევე მეორედ დაქორწინდნენ. გვარი რომ არ გადაშენებულიყო, ზოგმა გერებიანი ქალი შეირთო და საკუთარი შვილებიც გააჩენინა. ამ ტრაგიკული სახლის მიმდებარედ ახლა ელაშვილების რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს და ყველა იმ დიდი საგვარეულოს წარმომადგენელია.

მარინე ელაშვილი, ტრაგედიას გადარჩენილი შაქრო ელაშვილის რძალი:

– ჯუგაანში ყველა მეტყავიანებს გვეძახის. ჩვენს დიდ წინაპარს, ტატიკო ელაშვილს, მეტყავიანთ ტიტე იმიტომ შეარქვეს, რომ ტყავის გამოქნა და ტყაპუჭების კერვა ჰქონდა ნასწავლი თბილისში ვინმე გულბაათ ქართველიშვილისგან. მას კახეთში ამ საქმით ჰქონია სახელი განთქმული. ობლობაში გაზრდილ ბიჭს თავის მეუღლე მართასთან ერთად დიდი ოჯახი შეუქმნია – 6 ვაჟი და ორი ქალი ჰყოლიათ. ერთი ვაჟი მალევე გარდაცვლიათ.

საქართველოში საბჭოთა ს მე-11 არმიის შემოსვლის პერიოდში ტიტეს მონაგარი – 5 ძმა შვილებითა და შვილიშვილებით ერთად ცხოვრობდნენ ამ საშინელების შემსწრე სახლში. ტიტეს ქალიშვილები გათხოვილი ჰყავდა. ცნობილი მეტყავის 28-სულიანი ოჯახი შეძლებული იყო. შრომა არ ეზარებოდათ – ჰყავდათ ბევრი ცხვარ-ძროხა, უვლიდნენ ვენახებს, ალაზნის ველზე მარცვლეული მოჰყავდათ და ღორის ფერმაც ჰქონდათ.

მოკლედ, კაცები მეურნეობას უძღვებოდნენ, ქალები შვილებს ზრდიდნენ, ბედნიერად ცხოვრობდნენ. ზამთარ-ზაფხულ ბეღელი სავსე ჰქონდათ და სხვებსაც ეხმარებოდნენ. როგორც ჩანს, ტიტემ ტყავის წარმოება შვილებსაც ასწავლა, რადგან მათ საქმიანობაში მთავარი მაინც მეტყავეობა იყო.

– ტრაგედიის შესახებ მოგვიყევით…

– იმ დროს, როცა ელაშვილების ოჯახში ეს საშინელება დატრიალდა, ტიტე უკვე მოხუცი და მხედველობადაკარგული იყო. ის მეუღლესთან ერთად პირველ სართულზე ცხოვრობდა, მეორეზე კი მათი შთამომავლები. მამამთილისგან ვიცი, რომ კახეთის მაზრაში ასეთი დიდი სახლი მხოლოდ რამდენიმე ოჯახს ჰქონდა და ერთ-ერთი ელაშვილების იყო.

მეტყავიანთ ოჯახში საშინელება კვირას, ღამით დატრიალდა. კაცებს დილით ბაზრობაზე წაუსხამთ გასაყიდი ცხვარ-ძროხა. შუადღეს თანასოფლელს, ოჯახის ნათლიას დაუნახავს, როგორ წამოიღეს ურიკით ბაზრიდან ფულით სავსე რამდენიმე ტომარა. ოჯახის დაყაჩაღებაც ამან გადააწყვეტინა. ცხადია, ამ საქმეს მარტო ვერ მოაგვარებდა, ამიტომ დახმარება წითელწყაროში (ამჟამად დედოფლისწყარო) დაბანაკებულ მე-11 არმიის რუსი ჯარისკაცებისთვის უთხოვია. ყაჩაღობის გეგმაც ერთად შეუმუშავებიათ, რაშიც კიდევ ერთი ჩვენი თანასოფლელი დაუხმარებიათ.

ელაშვილების ოჯახში საყაჩაღოდ მისულებისთვის წინააღმდეგობა რომ არავის გაეწია, ერთი ადამიანი წინასწარ გაუშვიათ და დაუვალებიათ, გაეფრთხილებინა ოჯახი, რომ შემოწმებაზე დადიოდნენ და იარაღი უნდა გადაემალათ. მათაც დაუჯერეს თანასოფლელს და ისე გადამალეს იარაღი, მისი პოვნა ათწლეულების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. სულ ახლახან მივაგენით სხვენში ხანჯალსა და თოფს. განაგრძეთ კითხვა