ონკოლოგიაში სათანადო რაოდენობის ინვესტიციები ვერ იდება, რადგან ეს დარგი მსოფლიოში სწრაფად ვითარდება და უახლესი მეთოდების გადმოტანა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
ამის შესახებ ონკოლოგმა ნია შარიქაძემ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოში ონკოლოგიურ პაციენტებს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაეზარდათ, თუმცა გამოწვევა მაინც ბევრია და იდეალური მდგომარეობისგან შორს ვართ.
ნია შარიქაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ ქართულმა მედიცინამ მოსახლეობის მხრიდან ნდობა დაკარგა, თუმცა, მისივე თქმით, ეს მასობრივად არ მომხდარა და მდგომარეობა ბოლო პერიოდში ამ კუთხითაც გამოსწორდა.
„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველოს ნებისმიერ მოსახლეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა იმ თანამედროვე დიაგნოსტიკურ მეთოდებზე, მკურნალობაზე და მართვაზე, რაც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეს აქვს. ყველაზე მტკივნეული საკითხი ეს არის ქართული მედიცინის მიმართ უნდობლობა, რაც დაკარგა ქართულმა ჯანდაცვამ და ამის დაბრუნება ძალიან ძნელია. მართალია, ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ ეს მასობრივად ასეა, მაგრამ შედარებით გამოსწორდა თუნდაც იმით, რომ ჩვენ უცხოელ კოლეგებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და მათ იციან, რომ ახლა ისე არაა, როგორც ადრე უყურებდნენ საქართველოს. მაგრამ ფინანსური პრობლემების და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბევრი რამ საჭირო ტემპით ვერ ვითარდება, რადგან ინვესტიცია სათანადოდ ვერ იდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ონკოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ჩვენნაირი მწირი შემოსავლის მქონე ქვეყანა ყოველწუთას ვერ უწყობს ამას ფეხს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ინტელექტუალური რესურსი საკმაოდ ძლიერია და ამას ხელშეწყობა უნდა,“ – აღნიშნა შარიქაძემ.
jandacva.ge
