ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ITF – ის გენერალურ მდივანთან შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, რომელიც გერმანიის ქალაქ ლაიფციგში საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) მინისტერიალში მონაწილეობს, აღნიშნული ორგანიზაციის გენერალურ მდივანს იონგ ტაე კიმს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა სატრანსპორტო სფეროში შექმნილ გამოწვევებსა და ამ მხრივ, შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ შუა დერეფანი, რომელიც არის უმოკლესი გზა ევროპასა და აზიას შორის, არის კარგი ალტერნატივა არსებული მარშრუტებისა, თუმცა აუცილებელია მთელი რიგი გადაწყვეტილებების სინქრონიზება დერეფნის მონაწილე ქვეყნებს შორის.
მინისტრის მოადგილემ ITF – ის გენერალურ მდივანს გააცნო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროს განვითარების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები. მან ვრცლად ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, რკინიგზის მოდერნიზაციისა და ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის პროექტებზე და სხვ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან სახელმწიფო ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყნის სატრანსპორტო – ლოგისტიკური პოტენციალის გასაზრდელად.
„საქართველო რეგიონული მნიშვნელობის გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებით ხელი შევუწყოთ საქართველოს მეტ ინტეგრაციას რეგიონულ და მსოფლიო სატრანსპორტო მარშრუტებში,” – აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.
შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ECMT მრავალმხრივი სანებართვო კვოტების გაზრდის აუცილებლობაზე, რათა სამომავლოდ საქართველოს საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სფეროში დასაქმებული პირებისთვის გაიზარდოს ევროკავშირის ქვეყნებში ტვირთების გადაზიდვის ბაზარზე მეტად წვდომის შესაძლებლობა.
დასასრულს, მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალური დირექტორი იონგ ტაე კიმი საქართველოში მოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ