“ყოველი საინტერესო ადამიანის ცხოვრებაში არის ის ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რაც მას გამორჩეულს ხდის. როგორი მდიდარიც არ უნდა იყოს მაღალი რეგალიების მქონე ადამიანის ბიოგრაფია, სამოქალაქო პოზიცია მაინც შეუდარებელი ღირსების მატარებელია.
ამიტომ, ბ-ონ თამაზ გამყრელიძეზე, როგორც დიდ ენათმეცნიერზე ხაზგასმას, მირჩევნია შეგახსენოთ მისი სიმამაცის კონკრეტული ფაქტი, როდესაც ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღის მოვლენის შესახებ სიტყვა წარმოსთქვა ჯალათების საკრებულოში-კრემლში.
ადრეც დავწერე რომ ეს არ იყო იოლი საქმე. ამ გადასახედიდან ბევრი იტყვის -აბა რა უნდა ექნაო? მაგრამ კარგად მახსოვს სხვა საკავშირო დეპუტატებმა როგორ გამოუწერეს საკუთარ ლაჩარ თავებს ბიულეტინები და სოროში შეიმალნენ.
ამ სიტყვას, რასაც ახლა ისმენთ, წერდა არა მხოლოდ ბ-ნი თამაზი. იწონებოდა ყოველი სიტყვა და დიდი უკმაყოფილება ყვირილამდე მიდიოდა, როცა შერბილებულ პასაჟს შეამჩნევდა ტექსტზე მომუშავე ჯგუფი.
სულმოუთქმელი ველოდით ბ-ნი თამაზის სიტყვით გამოსვლას. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში რადიოფიცირებული იყო მთელი სხდომა. დადუმებული იდგა უამრავი პატრიოტი და თვალცრემლიანი ელოდა დაჩაგრული,უმოწყალოდ დაჩეხილი ჩვენი გმირების გამოსარჩლებას…
გორბაჩოვმა ყველაფერი ქნა, რომ მეასე ხარისხოვან თემად წარმოეჩინა ჩვენი ტრაგედია და მახსოვს, რა ამბავი მოყვა ამას დარბაზში….
რაც ბ-ნმა თამაზმა ითავა ქართველი ხალხის სახელით, ნამდვილად დიდი ძალისხმევა სჭირდებობა…
მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური მიწა” – წერს სოციალურ ქსელში ეკა ხერხეულიძე.