საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილის, ეკა სეფაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტშიც ხარჯების დაახლოებით ერთი მესამედი სოციალური დანიშნულებით იქნება მიმართული.
„მომავალი წლის ბიუჯეტშიც ხარჯების დაახლოებით ერთი მესამედი კვლავ სოციალური დანიშნულებით იქნება. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს საქართველოში, მათ შორის გზების მშენებლობა, წყალგაყვანილობის სისტემები, ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაცია – მშენებლობა და ა.შ.
ბიუჯეტის განხილვისას აქტიურად შევეხეთ იმ პრობლემებს, რომლებიც საზოგადოების წინაშე დგას და რომელთა გადასაჭრელად ბიუჯეტიდან გამოყოფილია გარკვეული თანხები,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ცნობისათვის, სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია სოციალურ ქსელში წერს:
● თითოს (პაპუაშვილი, კობახიძე, ყაველაშვილი) ხელფასი 16,000 ლარი გახდა. ● 14 მინისტრს, რომელთაგანაც 7 მილიონერია, ხელფასი გაეზარდა და 13,600 ლარი გახდა. ● 89 დეპუტატს, რომელთაგანაც 33 მილიონერია, ასევე გაეზარდათ და თვეში 12,800 ლარს აიღებენ.
● მარჩენალდაკარგულებს – 100 ლარი ექნებათ ისევ. ● სოციალურად დაუცველებს თვეში კვლავ 30-დან 60 ლარამდე რჩებათ. ● ომის მონაწილეებს – 100 ლარი. ● დევნილებს წლებია 45 ლარი აქვთ. ● 70 წლამდე პენსიონერს – 20 ლარით ეზრდება პენსია. 70-ის ზევით – 45-ით.