ეკა გიგაურის განცხადებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი საქართველოში განვითარებული პროცესებით დაინტერესდა და არსებული ვითარების გამო წუხილი გამოთქვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი, იოჰან ფორსელი საქართველოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა და ქვეყანაში არსებული ვითარების გამო წუხილი გამოთქვა.
როგორც გიგაურმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ისინი ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
„ჩვენ ძირითადად მივაწოდეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ხდება საქართველოში. რატომ ვფიქრობთ, რომ ეს არის პრობლემა. ძირითადად, ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის საგარეო კურსს ცვლის და ეს უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ ჩვენი არგუმენტები წარმოვადგინეთ. მათი მხრიდან კონკრეტული პოზიციები არ იყო დაფიქსირებული, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია აინტერესებდათ. მთავარი არის ის, რომ ისინი ამ ყველაფერთან დაკავშირებით წუხან. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გვერდით დგანან. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ამ გზაზე წინ წაიწიოს. ამიტომ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქართველმა ხალხმა ამას მიაღწიოს“, – განაცხადა გიგაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ