„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნებზე დაკვირვების კუთხით საქმიანობას გააგრძელებს – რაც შეეხება ანტიკორუფციული სამსახურის გადაწყვეტილებას, ყველაფერი, რაც პრესკონფერენციაზე ითქვა, ტყუილია, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, ანტიკორუფციულ ბიუროს არ აქვს არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, რათა საზოგადოებას და საერთაშორისო სამართლებრივ მისიებს აუხსნას, რატომ შეუცვალეს მის ორგანიზაციას სტატუსი და რატომ აუკრძალეს არჩევნებზე დაკვირვება.
„რა თქმა უნდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გააგრძელებს თავის საქმიანობას არჩევნებზე დაკვირვების კუთხით. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით არჩევნების დღეს უშუალოდ ჩვენი ქოლგის ქვეშ, თუმცა ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წევრი ვართ, შესაბამისად, ჩვენ ამ არჩევნებს დავაკვირდებით ჩვენი კოალიციის ფარგლებში ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. გავაგრძელებთ ფუნქციონირებას ისე, როგორც ამას ვაკეთებდით რაც ჩვენი ორგანიზაცია არსებობს. ჩვენ ამ ქვეყანაში თითქმის ყველა არჩევნებს დავაკვირდით. გამოვიყენებთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ამომრჩევლების ხმები. რაც შეეხება ანტიკორუფციული სამსახურის გადაწყვეტილებას, ცხადია, ისინი შეეცდებოდნენ, რომ გარკვეული არგუმენტები მოეძებნათ, თუმცა ყველაფერი, რაც პრესკონფერენციაზე ითქვა, ტყუილია. მათ არ აქვთ არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, რათა აუხსნან საზოგადოებას და საერთაშორისო სამართლებრივ მისიებს, რატომ შეგვიცვალეს სტატუსი და რატომ აგვიკრძალეს არჩევნებზე დაკვირვება. ამიტომ, ეს არის ჩვენი კოალიციის და ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვება. ჩვენ ვიცით, რომ ბრძოლას აქვს აზრი, ამიტომ კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებთ, დარეგისტრირდნენ ჩვენს სადამკვირვებლო მისიაში და ყველა გავიდეს არჩევნებზე, რადგან ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.
ანტიკორუფციულმა ბიურომ დღეს გადაწყვეტილება შეცვალა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, მის დირექტორს ეკა გიგაურს, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას“, მის დამფუძნებელს ხათუნა ლაგაზიძესა და თანადამფუძნებლებს „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი გაუუქმა. მანამდე, აღნიშნულის შესახებ ანტიკორუფციულ ბიუროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა. კერძოდ, პრემიერმა გუშინ, ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს.