ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) 2 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, სადაც რეზოლუცია —”დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” მიიღეს. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 69 დელეგატმა, 7 იყო წინააღმდეგი, ორმა თავი შეიკავა.
რეზოლუცია საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლებმა ედიტე ესტრელამ (პორტუგალია-სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფი) და საბინა ჩუდიჩიმ (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი) წარადგინეს.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი რეკომენდაციები და შეშფოთებები სისტემურად უარყო და ამით საქართველოში დემოკრატიის არსებობა ეჭვქვეშ დადგა.
რა წერია PACE-ის ახალ რეზოლუციაში საქართველოს შესახებ?
ასამბლეა გმობს “საქართველოს ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას” და საქართველოს დაძაბულ საერთაშორისო ურთიერთობებს.
რეზოლუციის ტექსტში ასევე ხაზგასმულია საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების საკითხი და აღნიშნულია, რომ მისი მოწოდებები საქართველოს ხელისუფლებამ არც ამ კონტექსტში გაითვალისწინა.
ასამბლეა საქართველოში განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმდინარე “დაუსრულებელ რეპრესიებსაც” გმობს და აღნიშნავს, რომ “ეს რეპრესიები კიდევ უფრო ამძაფრებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს, არღვევს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებებს და აჩქარებს დემოკრატიის უკუსვლას.”
რეზოლუციის ტექსტში ყურადღება გამახვილებულია დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის “პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან” დაკავშირებითაც და ხაზგასმულია, რომ მას და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერს “პოლიტიკურად მოტივირებული” ბრალდებები” აქვთ.
ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს იმის შესახებაც, რომ მათი მოწოდებების მიუხედავად, დემონსტრაციების დროს “პოლიციის მხრიდან ძალადობისა და სხვა ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე, ისევე როგორც მრავალი დადასტურებული ანგარიშის საფუძველზე — დემონსტრანტების წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების დროს” ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარებულა.
ასამბლეა ასევე საუბრობს ქართული ოცნების მიერ ბოლო დროს მიღებული კანონების შესახებ, რომლების ეფექტმაც, მათი თქმით, გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოების არსებობის საფუძვლები საქართველოში.
ასამბლეა ასევე გამოეხმაურა ‘სამოქალაქო მოხელეების წინააღმდეგ განხორციელებულ დაშინებისა და შურისძიების” ფაქტებს, რაც მათი თქმით, საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საჯარო სამსახურის არსებობას ძირს უთხრის.
ასამბლეა ასევე შეშფოთებულია წულუკიანის საგამოძიებო კომისიითაც და აღნიშნავს, რომ “კოლექტიური ენმ”-ს გაუქმება, ანუ ფაქტობრივად, მთელი დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა დიქტატურის დამყარებას ნიშნავს.
რეზოლუციის ბოლოს, ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას “დაუყოვნებლივ შეცვალოს ქვეყანაში დემოკრატიის დაშლის პროცესი.” ასამბლეა ასევე კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვის მზადყოფნასაც ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ასეთი დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება წარიმართოს, ” როცა ხელისუფლება აღიარებს ევროპის საბჭოს ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.”
რეზოლუციის საბოლოო ვერსიაში რამდენიმე ცვლილება შევიდა.
რეზოლუციის ტექსტის მესამე პუნქტს დაემატა ნაწილი, სადაც საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ასამბლეის ყოფილ ქართველი დელეგატებთან დაკავშირებით, რომელთა წინააღმდეგაც შესაძლო სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს და მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს “მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა თავიდან იქნას აცილებული მოვლენების მსგავსი განვითარება.”
რეზოლუციას, მე-8 პუნქტის ბოლოს დაემატა რამდენიმე წინადადება, სადაც აღნიშნულია, რომ ასამბლეა შეშფოთებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელმძღვანელების დაკითხვასთან დაკავშირებით და მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი ” საქართველოში დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების სწრაფ და განზრახ დემონტაჟს” ასახავს.
“გარდა ამისა, ასამბლეა შეშფოთებულია ცნობებით, რომ გამოძიების ფარგლებში იკითხებიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მათ შორის — მათი დაფინანსების წყაროებისა და ნიღბებისა თუ სხვა დამცავი საშუალებების შესყიდვის საკითხებზე. ყველა ეს ღონისძიება ასახავს საქართველოში დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების სწრაფ და განზრახ დემონტაჟს”, — წერია რეზოლუციაში.
საქართველოს საკითხებში PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა ედიტ ესტრელამ განაცხადა, რომ “ეს რეზოლუცია პასუხობს კრიზისს, რომლის იგნორირებაც უკვე შეუძლებელია. საქართველოში არსებული ვითარება უკიდურესად შემაშფოთებელია”.
PACE- ში საქართველოს შესახებ დებატებს გამოეხმაურა ქართული ოცნების პრემიერმინისტრი. მან კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის შემდეგ, განაცხადა, რომ “ქართული საზოგადოების თვალში ამ რეზოლუციებს არ აქვს არავითარი ფასი”.
“იცით ჩვენი დამოკიდებულება PACE-ს დღევანდელი მდგომარეობის მიმართ და ამ დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მდგომარეობა არის ნამდვილად ტრაგიკული, წინა რეზოლუცია, რაც იქნა მიღებული, ასევე ამ მძიმე მდგომარეობას ასახავს. გახსოვთ, რომ მაშინ პირდაპირ მოითხოვეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა აღიარეს თვითონ არჩევნების სწორი ფორმით ჩატარება. არავის უკვირს ასეთი ტიპის რეზოლუცია, თუმცა ქართული საზოგადოების თვალში ამ რეზოლუციებს არ აქვს არავითარი ფასი, თუ რეზოლუცია არ ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს, რა თქმა უნდა, მას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის”, — თქვა ირაკლი კობახიძემ.
