10 000-ზე მეტი ევროპული სასტუმრო შეუერთდა ონლაინ პლატფორმა Booking.com-ის წინააღმდეგ კოლექტიურ სარჩელს. ისინი კომპენსაციას ითხოვენ ე.წ. საუკეთესო ფასის (parity clauses) პუნქტებით გამოწვეული ფინანსური ზარალისთვის, რომელიც Booking.com-მა ადრე დააკისრა თავის პარტნიორებს. სარჩელი შეაქვს სასტუმროებისა და რესტორნების ინდუსტრიის ევროპულ ასოციაცია Hotrec-ს, – ნათქვამია ასოციაციის საიტზე.
ადრე Booking.com სასტუმროებს ავალდებულებდა, რომ საკუთარ ვებსაიტებზე ან სხვა პლატფორმებზე უფრო დაბალი ფასები არ შეეთავაზებინათ. ეს Booking.com-ს საშუალებას აძლევდა შეენარჩუნებინა ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასები, თუმცა სასტუმროების მეპატრონეები ამტკიცებდნენ, რომ ეს ზღუდავდა კონკურენციას და აზარალებდა მათ.
„ევროპელი სასტუმროების მეპატრონეები დიდი ხანია იტანჯებიან უსამართლო პირობებითა და გადაჭარბებული ხარჯებით. დროა გავერთიანდეთ და კომპენსაცია მოვითხოვოთ“, – განაცხადა Hotrec-ის პრეზიდენტმა ალექსანდროს ვასილიკოსმა.
