ევროპული უმსხვილესი ბანკები წელს 50 მილიარდ ევროს ($56 მილიარდი დოლარი) დაუბრუნებენ აქციონერებს, რაც რეკორდულ ანაზღაურებას წარმოადგენს, – ინფორმაციას TBC Capital ავრცელებს.
მიმოხილვის მიხედვით, ანაზღაურების ზრდა ხაზს უსვამს იმ მხარდაჭერას, რაც ბანკებმა ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების ზრდისგან მიიღეს, რის შედეგადაც ანაზღაურებები, სავარაუდოდ, პანდემიამდელ დონეზე მეტად გაიზრდება. მაგალითად, UniCredit SpA მზადაა, აქციონერებს 10 მილიარდ ევროზე მეტი დაუბრუნოს.
ევროპული ბანკების რეკორდული დივიდენდების გარდა, მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ იაპონიის ობლიგაციების ბაზარი მუხტს კარგავს, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით, რომლებიც ფასიანი ქაღალდების გამოშვების პროცესში ქმნიან გამოწვევებს.
გარდა ამისა მიმოხილვაში მოხვდა, იაპონიის კორპორატიული ობლიგაციების ბაზარი, რომელიც საგრძნობლად ნელდება. ნავთობის ფასები კი ვარდნას განაგრძობს OPEC+-ის მიერ ოქტომბრიდან წარმოების გაზრდის გეგმების ფონზე. რაც შეეხება ჩინეთს, ქვეყნის დამოკიდებულება საწარმოო სექტორსა და ექსპორტზე, რათა შეარბილოს ქონების ბაზრის დაღმასვლის ზეგავლენა ფართო ეკონომიკაზე, ნაკლებად ეფექტიანი ხდება.