სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შემდეგაც საქართველოს საერთო სასამართლოებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი უკანონოდ საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვეს”.
“სასამართლოებმა გადაწყვეტილება ზეპირი განხილვის გარეშე მიიღეს და სოციალური სამართლიანობის ცენტრის სარჩელები აფგან საიდიგოვის საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ დასაშვებადაც კი არ ცნეს. საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონოა. სამწუხაროდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზეპირი განხილვის გარეშე შუამდგომლობა დაუშვებლად სცნო და აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 17 მარტს, სადაც აღნიშნა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ახალ გარემოებას, რომელიც შეიძლება გავლენა მოახდინოს აღკვეთის ღონისძიებაზე”.
რაც შეეხება აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ მან დაიწყო საკვების მიღება, და მისი მდგომარეობა უმჯობესდება.
“მნიშვნელოვანია, რომ #18 სამედიცინო დაწესებულებამ გააგრძელოს ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული და სრულყოფილი შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა”.
სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ქართული მხარის განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
