ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა – მხოლოდ ღირსებით, სხვანაირად ვერ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
ჩვენ აქტიურად და წარმატებით ვცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას. ძალიან კარგი ვიზიტი გვქონდა ჩინეთში ცოტა ხნის წინ, სადაც შევხვდით პრემიერ-მინისტრს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საინტერესო შეხვედრა იყო და მსჯელობა შედგა თანამშრომლობის შემდგომი განვითარების თაობაზე, სადაც ძალიან დიდი პერსპექტივებია.
„აქ მნიშვნელოვანი რა არის ღირებულებით ნაწილში, ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერ სახელმწიფო თანამედროვე სამყაროში, რაც ბოლო ათწლეულების ისტორიამ დაადასტურა. ცდილობენ გაშავებას, ყველანაირი ეპითეტებით ამკობენ ჩინეთს, ცდილობენ რაღაც შავ სახელმწიფოდ წარმოაჩინონ, მაგრამ ფაქტი ხომ ფაქტია. აქაც იგივე ფაქტებზე დაფუძნებულ დასკვნებზე რომ ვისაუბროთ, 1979 წლის მერე, თუ არ ვცდები, შეიძლება 1 წელი შემეშალოს, ჩინეთი არ ყოფილა ჩართული არცერთ ომში. ვიეტნამი იყო 1979 წელს და იმის მერე ამხელა რესურსების მქონე სუპერ სახელმწიფო არცერთ ომში არ ყოფილა ჩართული, ერთადერთი სუპერ სახელმწიფოა, რომელიც არ ყოფილა არცერთ ომში ჩართული, თითქმის ნახევარი საუკუნეა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება, რატომაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, იმიტომ, რომ ღირებულებები აქვს და ამ ღირებულებებით ეპყრობა ის სხვა სახელმწიფოებს, დიდს თუ პატარას. ერთ-ერთი, რაც ახასიათებს ჩინეთს და ეს არის მათი პოლიტიკის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ღერძი, პოლიტიკის ნაწილია, ფორმალური ნაწილიც კი არის მათი პოლიტიკის, რომ მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის სიდიდეს, მოსახლეობას, ტერიტორიას, თანაბარი მიდგომა, თანაბარი მოპყრობა თითოეული ქვეყნის და სახელმწიფოს მიმართ. ეს არის ღირსება. ზუსტად ღირსებაზე როცა არის საუბარი, ესეც ხომ ღირსების მაჩვენებელია, რომ შენ შენს ღირსებას გამოხატავ და სხვის ღირსებას პატივს სცემ.
როგორია ამ დროს დამოკიდებულება იგივე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ, არ გელაპარაკები, ჩემი პირობებით მარტო თუ რამე გინდა და ა.შ. პირობებიც თავისთანად უღირსია.
ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დაცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა, მხოლოდ ღირსებით, სხვანაირად ჩვენ ვერ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერმა.



