ევროპის 12 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ

ევროპის 12 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, უკან გაიწვიონ რუსული კანონი.
ერთობლივ განცხადებაში ისინი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ “პუტინის ს სტილის კანონის შინაარსის” გამო.
“[კანონი] მიზნად ისახავს დააზიანოს და დაასუსტოს საქართველოს ცოცხალი, პრო-ევროპული სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი, რომელიც ფართოდაა ცნობილი საქართველოს უდიდეს სიძლიერედ, იმედად და სარგებლობს მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეს სტატუსით ბიუჯეტისა და დაფინანსების კუთხით.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ კანონის ხელახალი შემოღება ძირს უთხრის საქართველოს ბრძოლით მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის თავისუფლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება არის დემოკრატიის საფუძველი და გადამწყვეტად მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის;
აღვიქვამთ ამ კანონს, როგორც მტრულ ნაბიჯს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის მიმართ და გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას მის გამო;
ვიხსენებთ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ იგი გადადგამს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 ნაბიჯს, რათა გააგრძელოს წინსვლა გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად, და რომ საქართველომ ამ რეკომენდაციებიდან დღემდე მხოლოდ 3 შეასრულა;
ასევე შეგახსენებთ, რომ ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას საქართველოსთვის, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება და პირველი ნაბიჯი მოუწოდებს საქართველოს, ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ;
მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას, გაიწვიოს იგი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ველით, რომ საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი.
ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოავლენს თავის სიმწიფეს და მონდომებას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის, დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებით ხელმძღვანელობით. ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დგას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ ჩეხეთის, დანიის, ს, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები.