ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა სამხედრო ინდუსტრიის გაძლიერება დაიწყეს. ევროკომისიამ შეიმუშავა უსაფრთხოების დოკუმენტიც, რომელიც ატვირთულია ოფიციალურ ვებგვერდზე.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ევროპის თავდაცვის შესაძლებლობები, ვითარება კონტინენტზე შეიცვალა. გაიზარდა სამხედრო დანახარჯები, საფრანგეთმა ბირთვული პროგრამის გაზრდაზე დაიწყო საუბარი.
საინტერესოა, თუ როგორ შეიცვალა ევროპაში ვითარება სამხედრო დაფინანსების თვალსაზრისით. 2021 წელს ქვეყნების უმრავლესობა მშპ-ს 2%-ზე ნაკლებს ხარჯავდა თავდაცვაზე, 2024 წლისთვის კი ქვეყნების უმეტესობა გასცდა 2%-იან მაჩვენებელს. ზოგიერთმა ქვეყანამ კი ნახტომისებურად გაზარდა თავდაცვის დაფინანსება. მაგალითად, ალბანეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა თავდაცვის ხარჯი, ასევე ლატვიამ, რომლის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 3%-ს გასცდა. ლიეტუვაში, დანიასა და ნიდერლანდებშიც იგივე მდგომარეობაა. ხარჯი გაზარდეს ესტონეთმა, ფინეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, ასევე პოლონეთმა, რომელიც ლიდერია ამ ქვეყნებში, რადგან ვარშავის თავდაცვის დაფინანსება ამ დროისთვის 4.12%-მდეა.
ევროკომისიის მიერ შემუშავებულ უსაფრთხოების დოკუმენტში შვიდი ძირითადი მიმართულებაა აღწერილი. ესენია: საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, საარტილერიო სისტემები, ამუნიცია და ჭურვები, დრონები და დრონსაწინააღმდეგო სისტემები, სამხედრო მობილობა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერ და ელექტრონული ომის წარმოება და სტრატეგიული ობიექტების დაცვა.
ევროკომისიაში არაერთხელ აღნიშნეს, რომ მობილიზებული თანხით უნდა გაიზარდოს თავდაცვის ინდუსტრია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ნატოს წევრ ბევრ ევროპულ ქვეყანაში სერიოზული სამხედრო სამრეწველო კომპანიებია. სამხედრო ინდუსტრია მნიშვნელოვნადაა განვითარებული შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთი, უკრაინა, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, იტალია, შვედეთი, ესპანეთი, ნორვეგია, ჩეხეთი, თურქეთი და რუმინეთი.
პოლონეთში ყველაზე მსხვილი სამრეწველო კომპანია „პოლონეთის შეიარაღების ჯგუფია“, უკრაინაში – „უკრობორონპრომი“, გერმანიაში 5 მნიშვნელოვანი სამრეწველო კომპანიაა, საფრანგეთში – 4, დიდ ბრიტანეთში – 6. ფინური კომპანია „პატრია“ აწარმოებს როგორც შეიარაღებას, ისე საბრძოლო მანქანებს, ძრავებს და ასე შემდეგ, იტალიაში ორი კომპანიაა, რომლებიც როგორც სახმელეთო, ისე საავიაციო საბრძოლო საშუალებებს ქმნიან, შვედური „სააბი“ ასევე სამხედრო ტექნიკის ფართო სპექტრს ამზადებს, მათ შორის წყალქვეშა ნავებს, ესპანეთში ორი მნიშვნელოვანი კომპანიაა – კომპანია „ნავანტიაც“ წყალქვეშა ნავებს ამზადებს…
ნორვეგიაშიც ორი ძირითადი სამხედრო სამრეწველო კომპანიაა, საკმაოდ განვითარებულია ჩეხეთის სამხედრო ინდუსტრია. აქ სამი კომპანიაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაშიცაა ჩეხური საარტილერიო საშუალებები, მაგალითად, დანები. თურქეთი არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა ევროპის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის სურვილი მანაც გამოთქვა. თურქეთში ამზადებენ როგორც საბრძოლო მანქანებს, ისე შემტევ უპილოტო საფრენ აპარატებს და ასე შემდეგ.
სამხედრო მრეწველობით გამორჩეულია რუმინეთიც, აქ დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში იყო. როგორც ვხედავთ, ევროპის მასშტაბით სამხედრო მრეწველობა საკმაოდ განვითარებულია. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებს არ აქვთ სამხედრო მრეწველობა, მაგალითად, საბერძნეთს.
წყარო: euronews georgia
