ბრიუსელი უკრაინის დახმარების ალტერნატიულ პაკეტს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ 1 თებერვალს, სამიტზე, ევროპის კავშირის ქვეყნებმა ვერ დაამტკიცეს კიევის მხარდაჭერის 50 მილიარდ ევროიანი პროგრამა.
ამის შესახებ განაცხადა ევროპის კომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა პრეს-კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ბელგიის, 1 იანვრიდან ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე, ქვეყნის, პრემიერ-მინისტრი, ალექსანდერ დე კროო.
“პრიორიტეტია ევროპის კავშირის 27-ვე ქვეყნის თანხმობის მიღწევა, მაგრამ ჩვენ უკვე ვმუშაობთ ოპერატიულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეიძლება იქნას გამოყენებული”, – განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ. ფონ დერ ლაიენმა დააზუსტა, რომ ახალი წლის წინ, ევროპის კავშირმა უკრაინას გადაურიცხა 1.5 მილიარდი ევრო, რაც 2023 წლის დახმარების პროგრამის – 18 მილიარდი ევროს – ბოლო ნაწილი იყო. მას არ დაუზუსტებია ალტერნატიული პაკეტის დეტალები.
თავის მხრივ, ბელგიის პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდიანი ევროს დახმარების პროგრამის შეთანხმება უპრობლემოდ მოხერხდება. დეკემბრის შუა რიცხვებში, ბრიუსელში ჩატარებულ სამიტზე, ამ თანხის გამოყოფა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა დაბლოკა.
დეკემბრის შუა რიცხვებში, გაზეთმა Financial Times-მა, წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ევროპის კავშირის ოფიციალური პირები განიხილავენ ბუდაპეშტისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას, რათა შეთანხმდნენ კიევისთვის დახმარების ახალ პაკეტზე. გაზეთის თანახმად, ასეთი პროცედურის ჩატარება შესაძლებელია ევროპის კავშირის ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლის თანახმად, რომელიც საშუალებას იძლევა, ხმის უფლება ჩამოერთვას ქვეყანას, ევროპული კანონმდებლობის დარღვევის გამო. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება დაბლოკოს ევროპის კავშირის წევრმა სხვა ქვეყანამ.