ევროპის გზა იმიტომ ავირჩიეთ, რომ ღირსეულ და ფასეულობებით შეკავშირებულ ხალხთა საზოგადოებაშია ჩვენი ადგილი – დიმიტრი აბდუშელიშვილი

ევროპის გზა იმიტომ ავირჩიეთ, რომ ღირსეულ და ფასეულობებით შეკავშირებულ ხალხთა საზოგადოებაშია ჩვენი ადგილი, – ამის შესახებ ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ჩვენი შვილების მომავალი იქაა, სადაც პატივს სცემენ და აღიარებენ ადამიანს და მის უფლებებს.
„ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი და დიდებული დღეა დღეს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე… ემოციები მახრჩობს, რომ დავფიქრდები, რა გზები და რა ქარტეხილები გამოგვივლია ამ დღემდე რომ მოვსულიყავით, ჩვენს წინაპრებს, ჩვენს გმირებს, რამდენი შრომა, სისხლი, ოფლი უღვრიათ 26 მაისი რომ გვქონოდა…
ჩვენ თავისუფლების მოყვარე ხალხი ვართ და სწორედ მაშინაც კი, როცა გვიზღუდავდნენ თავისუფლებას, ამ განცდას, თავისუფლების განცდას, ვერასდროს კლავდნენ.. ამან გამოგვატარა და გაგვაძლებინა… რწმენამ თავისუფლების.
ჩვენ ამითაც ვართ ევროპა, ევროპის გზა კი, ჩვენს მომავალ გზად იმიტომ ავირჩიეთ, რომ ღირსეულ და ფასეულობებით შეკავშირებულ ხალხთა საზოგადოებაშია ჩვენი ადგილი.
ჩვენი შვილების მომავალი იქაა, სადაც პატივს სცემენ და აღიარებენ ადამიანს და მის უფლებებს, სადაც პატივს სცემენ ქვეყნების სუვერენიტეტს, განსხვავებულ აზრს და თავისუფლების იდეას.
გაუმარჯოს ჩვენს ყველაზე ძვირფას საქართველოს, დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ ჩემო ქვეყანავ და გისურვებ და ჩემს თავს ვუსურვებ შენს გაერთიანებას, არ გამოგილიოს მამულის, რწმენის, ენის ერთგული გუშაგები და შენი სიყვარულით გაერთიანებული ერი და ბერი.
წინ ევროპისკენ, წინ განვითარებისკენ”, – წერს ბიზნესმენი.

ასევე დაგაინტერესებთ