გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპელი ლიდერები ამერიკული იარაღების ყიდვასა და უკრაინისთვის მათ გადაცემას განიხილავენ იმ შემთხვევაში, თუკი აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას გადაწყვეტს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს, ევროპული ქვეყნების მხრიდან ასეთი ნაბიჯი პუტინის იერიშს შეაკავებდა და ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის დასათანხმებლად მასზე ზეწოლას გაზრდიდა.
როგორც Bloomberg-ის წყაროებმა თქვეს, ისინი მოელიან, რომ აშშ უკრაინასთან სამიზნეების შერჩევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას გააგრძელებს.
Bloomberg-ის წყაროები ამბობენ, რომ კრემლი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს აჭიანურებს და, როგორც ჩანს, ზაფხულში იერიშისთვის ემზადება, ხოლო ტრამპი უარს ამბობს ევროპის მოთხოვნაზე, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე სანქციების გამკაცრებით დაითანხმოს.
ამის ფონზე გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპულ ქვეყნებს არც იარაღის საკმარისი მარაგი და არც მათი წარმოების სათანადო შესაძლებლობა აქვთ, რათა აშშ-ს მხრიდან დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინის დანაკლისი აანაზღაურონ.
გამოცემის წყაროების მიერ განხილული სცენარი სწორედ ამ შესაძლო განვითარებას პასუხობს.
“ჩემთვის არ არის სრულად ნათელი, რამდენად ცუდი იქნებოდა, თუკი აშშ ვითარებას ჩამოცილდებოდა, თუმცა ევროპისთვისა ან უკრაინისთვის აშშ-ს იარაღის ყიდვის საშუალებას დატოვებდა და უკრაინისთვის აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას გააგრძელებდა. […] ეს არ არის იდეალური სცენარი. ნამდვილად არაა ოპტიმალური, თუმცა არ არის ყველაზე ცუდი სცენარი, რომელზეც ბევრი ჩვენგანი დარდობდა”. – თქვა კარნეგის ფონდი საერთაშორისო მშვიდობისთვის ვიცეპრეზიდენტმა, ენდრიუ ვაისმა.
მანამდე, 20 მაისს სენატში მოსმენის დროს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ აშშ პარტნიორებთან უკრაინისთვის Patriot-ის ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე მუშაობდა.
წყარო: tabula.ge
