„კიდევ იმედს იტოვებენ ევროპელები, იმიტომ, რომ მათ დიდი შრომა აქვთ ჩადებული ამ ქვეყნის განვითარებაში,“ – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და ამერიკისა თუ ევროპელი ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
„ტურიზმის წინააღმდეგი არავინ არ არის, მაგრამ ასიათასობით რუსია შემოსული და დასახლებული საქართველოში და ეს ტურიზმი არ არის. 33 ათასამდე ბიზნესია რეგისტრირებული, რომლის შესახებაც არავინ იცის, რა საქმიანობას ეწევიან.
ბიზნესი კარგია, მაგრამ გააკეთოს ეს ბიზნესი ფრანგმა, გერმანელმა, მითუმეტეს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და 40 კილომეტრში რუსული ჯარი დგას. რუსეთთან მიმართებით დამთმობი ვერ ვიქნები, ერთხელ და საბოლოოდ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა და რაც მთავარია, ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ ეს. ჯერ დრო არის.
ბორელმა ზომიერად თქვა თავისი სათქმელი. კიდევ იმედს იტოვებენ ევროპელები, იმიტომ, რომ მათ დიდი შრომა აქვთ ჩადებული ამ ქვეყნის განვითარებაში. ამიტომ ყველა უნდა ვეცადოთ და ამ მდგომარეობიდან გამოვძვრეთ,“ – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
მისი თქმით, როდესაც ასიათასობით ადამიანი ეჭვის თვალით უყურებს არჩევნებს, ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს და თუ მართლა ამდენი მხარდამჭერი ჰყავს ხელისუფლებას, მითუმეტეს არ უნდა შეეშინდეს და დამაჯერებლად მეორედ მტკიცედ უნდა გაიმარჯვოს.
„უკვე აღარ არის საუბარი იმაზე, თუ ვინ მოიგებს, არამედ პრინციპზეა, რომ დემოკრატიულად ჩატარდეს არჩევნები და ასევე აუცილებლად შეიქმნას დამოუკიდებელი სასამართლო, რადგან ადამიანს უნდა ჰქონდეს ადგილი, სადაც ის სამართალს იპოვის. წარმოუდგენელია, ამ ვითარებაში ეს ქვეყანა განვითარდეს. თუ ეს ყველაფერი არ დალაგდა, თუ შეგვრჩა ერთპარტიული პარლამენტი, თუ აღარ იქნა დონორების მხრიდან დახმარებები, რა უნდა ვუთხრათ ახალგაზრდებს, რატომ უნდა ვუბიძგოთ ემიგრაციაში წასვლა, რაც ჩვენთვის კატასტროფაა. […] წარმოიდგინეთ – შესაძლო არჩევნებარაღიარებული ქვეყანა, სანქცირებული ჩინოვნიკებით და მთავრობის წევრებით, არასტაბილური ეროვნული ვალუტით და შეწყვეტილი ვიზალიბერალიზაციით – რა პერსპექტივა აქვს ასეთ ქვეყანას 21-ე საუკუნეში?! ეს დაუყოვნებლივ იმოქმედებს ყველა იმ პროცესზე, რომელიც ქვეყანას ავითარებს. ვერავინ ჩვენს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, თუ ჩვენ თვითონვე დავალაგებთ შიდა საქმეებს და პოლიტიკურ განწყობებს, როგორც ოპოზიციასა და ხელისუფლებაში, ასევე მოსახლეობაში,“ – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.