„ევროპაში 10-15 წლის წინ აქტუალური იყო იტალიური სამზარეულო, დღეს ბევრი ამბობს, რომ უნდა ქართული“ – ბაღდოშვილი

შეფმზარეულის გურამ ბაღდოშვილის განცხადებით, ევროპაში ქართული გასტრონომიისადმი ინტერესი მზარდია. როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ბიზნესს პარტნიორები ევროპის სხვადასხვა ქალაქში ქართული რესტორნების გახსნით არიან დაინტერესებულები.
ბაღდოშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანას ამ მხრივ დიდი პერსპექტივა აქვს.
„ქართული გასტრონომიის პოპულარიზება უფრო მეტად ხდება ევროპის მასშტაბით, ამდენი წელია პირადად მეც ვშრომობ იმისთვის. ყოველდღიურად თუ არა 2 დღეში ერთხელ მიკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან ბიზნესპარტნიორები. მოგეხსენებათ კაპიტალი დიდია ამ ინდუსტრიაში, 300 ათასი და მეტი შეიძლება დაგიჯდეს რესტორნის გახსნა, ამიტომ ვცდილობ სწორი პარტნიორები მოვნახოთ. მათ უყვართ ქართული კულტურა და გასტრონომია.
ამერიკა, ა ძალიან დაინტერესებული. მეუბნებიან, რომ ისრაელში არ არის კარგი ქართული რესტორნები, ასევე ესპანეთში. არის ბევრი სხვა ქვეყანაც სადაც ჩვენ შეგვიძლია, რომ პოპულარიზება მოვახდინოთ, უბრალოდ პრობლემაა ის, რომ ადამიანური რესურსია ცოტა. ბევრი რესტორნის გახსნა თუ დავიწყეთ ევროპაში, საქართველოში მზარეული არ დაგვრჩება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გასტრონომია დღეს სირცხვილი აღარ არის, ვფიქრობ, რომ ეს სტერეოტიპიც დამსხვრეულია.
10-15 წლის წინ აქტუალური იყო იტალიური სამზარეულოები. დღეს ძალიან ბევრი შემოდის და ამბობს, რომ იტალიური მქონდა და აღარ მინდა და მინდა ქართული. ეს ნიშნავს რომ საქართველო მზად არის მოახდინოს პოპულარიზება თავისი გასტრონომიის ევროპაში. ამაში დიდ წვლილი აქვს სექტორს, ბლოგერებს, ბევრი რამე გაკეთდა ამისთვის. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო და დიდი ეტაპი გველოდება, მთავარია რომ პროფესიონალიზმი ავკრიფოთ და მივხედოთ ამას ქვეყნის სასახელოდ,“ – განაცხადა ბაღდოშვილმა.
ინფორმაციისთვის, რესტორანი „ჩვენი“ საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის. მისი დამფუძნებელი, შეფ გურამ ბაღდოშვილი ქვეყნის გარეთ პირველი ფილიალის გახსნას პორტუგალიის დედაქალაქში გეგმავს.
BM.GE-სთან საუბრისას ბაღდოშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენი ლისაბონი“-ს გახსნა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბრისთვის სურთ და ამისთვის ქალაქის გულში შესაფერისი ფართიც უკვე ნაყიდი აქვთ. რესტორნის გახსნის საინვესტიციო ღირებულება კი 300 000 ევროა.

ასევე დაგაინტერესებთ