შაბათს, დილით ავიარეისებზე რეგისტრაციისა და მგზავრთა ჩასხდომის ავტომატიზებული სისტემის პროვაიდერ „კოლინზ აეროსპეისზე“ კიბერთავდასხმამ ხელი შეუშალა ევროპის რამდენიმე აეროპორტის ნორმალურად მუშაობას. ამან გამოიწვია რეისების შეფერხება და გადადება ბრიუსელში, ბერლინსა და ლონდონში.
კიბერთავდასხმის გამო, ავტომატიზებული სისტემები მიუწვდომელი იყო და, მაგალითად, ბრიუსელის აეროპორტში განაცხადეს, რომ რეგისტრაცია და ჩასხდომა კუსტარულად მიმდინარეობდა. „ეს სერიოზულად აისახება რეისების გრაფიკზე და სამწუხაროდ, გამოიწვევს რეისების შეფერხებასა და გადადებას“ – აღნიშნულია ბიურსელის აეროპორტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მგზავრებს, რომლებსაც შაბათს აქვთ ფრენა. ურჩევენ ავიაკომპანიებთან ადრევე დააზუსტონ აქტუალური ინფორმაცია, სანამ აეროპორტში გაემგზავრებიან.
„სისტემური პროვაიდერის ტექნიკური გაუმართაობის გამო, რომელიც მთელ ევროპაში მუშაობს, გაიზარდა რეგისტრაციის ხანგრძლიობა. ვმუშაობთ პრობლემის სწრაფად მოგვარებაზე“ – როიტერსს მოჰყავს ციტატა ბერლინის აეროპორტის საიტიდან.
„კოლინზ აეროსპეისის“ წარმომადგენელმა გაზეთ „ინდეპენდენტს“ განუცხადა, რომ კიბერთავდასხმა შეეხო MUSE-ის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ელექტრონული რეგისტრაციისა და ბარგის ჩაბარებისას გამოიყენება.
MUSE-ი არის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს აეროპორტში გამოიყენონ ერთი და იგივე სარეგისტრაციო მაგიდა და ჩასხდომის გასასვლელი.
„კოლინზ აეროსპეისი“ – ამერიკული კომპანიაა, რომელიც აწვდის თავის პროდუქციას მსოფლიო აეროკოსმოსურ და თავდაცვით წარმოებას. მათ შორის, კომპანია აეროპორტებს სთავაზობს პლატფორმებს მგზავრების რეგისტრაციის, ბარგის ჩაბარებისა და მგზავრთა ჩასხდომისთვის.
ბიბისი იუწყება, რომ „ბრითიშ ეარვეიზი“ ჩვეულებრივად ოპერირებს სათადარიგო სისტემის გამოყენებით, თუმცა ჰითროუს აეროპორტიდან მომუშავე სხვა ავიაკომპანიების უმრავლესობის მუშაობაზე ზეგავლენა იქონია მომხდარმა კიბერთავდასხმამ.
FlightAware-ის მონაცემებით ევროპის აეროპორტებში 20 სექტემბრის შაბათის განმავლობაში ასობით რეისი ყოვნდება.
ჯერჯერობით საჯარო განცხადება არ გაუკეთებია “კოლინზ აეროსპეისს”.
ანალიტიკოსების შეფასებით, მომხდარმა გამოავლინა მგზავრთა ავიაგადაყვანის ინდუსტრიის დაუცველობა ციფრული სისტემების პრობლემებისგან. ვრცელდება დაუდასტურებელი ბრალდებები, რომ ეს კიბერთავდასხმა კრემლის მიერ მხარდაჭერილი ჰაკერების მიერ განხორციელდა, თუმცა ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური კიბერთავდასხმები განახორციელეს დანაშაულებრივმა ჯგუფებმა, რომლებიც უფრო მეტად დაინტერესებულები არიან თავიანთი მსხვერპლისგან ფულის გამოძალვაში.
გამომძალველთა ბანდები წელიწადში მილიონობით დოლარს შოულობენ მონაცემების მოპარვით ან გამოსასყიდის წაგლეჯისთვის განკუთვნილი პროგრამების გამოყენებით, როცა ისინი მსხვერპლს გამოსასყიდს ბიტკოინებით ახდევინებენ.
ჰაკერების არაერთი ბანდა დაფუძნებულია რუსეთში ან ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში. ზოგიერთ მათგანს, სავარაუდოდ, კავშირი აქვს რუსეთის სახელმწიფოსთან. ბიბისი წერს, რომ მასშტაბური კიბერთავდასხმების გამო სხვა ქვეყნებში არაერთი პირი დაუპატიმრებიათ, მათ შორის ლას ვეგასის კაზინოებზე, კომპანია M&S-სა და Transport of London-ზე თავდასხმებში ბრალდებულები არიან ბრიტანელი და ამერიკელი მოზარდები.
ფორუმი
