ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, დაიწყო საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ათი წლის განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო საქმიანობის შეჯამების პროცესი. კომიტეტის ცნობით, პროცესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში წევრობის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად.
პროექტის ფარგლებში, შეჯამდება საქართველოს პარლამენტის მიერ გადადგმული ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელთა საფუძველზეც საქართველოში ინერგება ევროპული სტანდარტი საზოგადოების ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან სფეროში.
“სამუშაო შეხვედრაზე, კომიტეტის წევრებმა და ექსპერტებმა, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სფეროების შესაბამისად, იმსჯელეს კონკრეტულ საკითხებზე, რაც უკავშირდება 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შეფასებას და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობას.
პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის მხარდაჭერით და ექსპერტების ევროკავშირის საკითხებში ეკატერინე ქარდავასდა იოსებ ნანობაშვილის მონაწილეობით განხორციელდება”, – აღნიშნულია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.