„ევრონესტის“ ფარგლებში „ქართულმა ოცნებამ“ რეზოლუცია ვერ დააინიციირა – რატომ?

„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე (Euronest Parliamentary Assembly) „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით რეზოლუცია ვერ დააინიციირა. საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელშემშლელი ფაქტორი იყო „უკრაინის დელეგაციის პოზიცია და ოპოზიციონერი წევრები“.
საქართველოს „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე მმართველი პარტიიდან ხუთი დეპუტატი წარმოადგენდა, ოპოზიციიდან კი ოთხი: , გიორგი ბოტკოველი, ანი წითლიძე და თამარ კორძაია.
„ეს არის იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას არ აქვს რეალური ინტერესი, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს ჰქონდეს მხარდაჭერა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ჰქონდეს მხარდაჭერა. ინტერესი არის ერთადერთი – როდესაც მათ შესაძლებლობა მიეცემათ, რაიმე ფორმატი ან რაიმე პლატფორმა იყოს გამოყენებული საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად, მაშინ ისინი მომართული არიან და მზად არიან ყოველთვის, ეს გააკეთონ“, – უთხრა ჟურნალისტებს მაკა ბოჭორიშვილმა, „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა
რეზოლუციის დასარეგისტრირებლად საჭირო იყო ასამბლეის მონაწილე 10 დეპუტატის მხარდაჭერა, „ქართულ ოცნებას“ კი მხოლოდ მოლდოვის სამი დეპუტატის თანხმობა ჰქონდა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ დეზინფორმაციას ავრცელებს და საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვერ შეძლო „ევრონესტის“ 110 წევრიდან 10-ის ხელმოწერის მოგროვება.
„მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის ინიცირება სცადა “ევრონესტის” ქართული დელეგაციის ოპოზიციონერი წევრების გვერდის ავლით და მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მან ვერ მოიპოვა “ევრონესტის” ბიუროს წევრების მხარდაჭერა“, – აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.
ბრიუსელში, ევროპარლამენტში, მეორე დღეა „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის სხდომა იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ