ევროპის ქვეყნები რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ჯარების განლაგების „საკმაოდ მკაფიო გეგმებს“ ამუშავებენ – როგორც უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტიას.
ამის შესახებ Financial Times-თან ინტერვიუში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მან იქვე თქვა, რომ ევროპის ქვეყნები ამ საქმეში აშშ-ის მხარდაჭერაზე იქნებიან დამოკიდებული.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თითოეული ქვეყანა ჯარების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, მაგრამ, მისი აზრით, შესაძლო სამომავლო მისია ყალიბდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადრე გამორიცხა ამერიკის ჯარის უკრაინაში გაგზავნა, მაგრამ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები საჭიროების შემთხვევაში ევროპას უსაფრთხოების გარანტიებით დაეხმარება.
ფონ დერ ლაიენს დეტალებზე არ ულაპარაკია, მხოლოდ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე, მათ შორის შეერთებული შტატების მონაწილეობით, დისკუსიები „ძალიან კარგად“ მიმდინარეობს.
4 სექტემბერს პარიზში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების, ასევე ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელების მონაწილეობით შეხვედრაა მოსალოდნელი, სადაც უსაფრთხოების გარანტიები განიხილება.
ფონ დერ ლაიენმა უკრაინის არმიის დაფინანსების გაგრძელება მნიშვნელოვან ამოცანად დაასახელა, ასევე შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ილაპარაკა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ქცევაზე და თქვა, რომ ის არ შეცვლილა აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად. „ტრამპს მშვიდობა სურს და პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ჯდება“, – თქვა ფონ დერ ლაიენმა და ხაზი გაუსვა, რომ რაც უფრო მეტად განსხვავდება რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები მისი ქმედებებისგან, მით უფრო მეტ „ნეგატიურ გამოცდილებას“ მიიღებს ტრამპი მასთან ურთიერთობისგან.
ნატოს წევრი ქვეყნების ნაწილმა გამოაცხადეს მზადყოფნა, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში ჯარები გაგზავნონ როგორც შემაკავებელი ფაქტორი. მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს მისთვის მიუღებელია.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა გერმანიის მეორე სატელევიზიო არხთან – ZDF-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინაში ჯარების განლაგების თემა ახლა მოკავშირეებისთვის პრიორიტეტული არ არის, მთავარია უკრაინის არმიის მხარდაჭერა გაგრძელდეს.
უკრაინაში გერმანული ჯარების გაგზავნის შესაძლებლობაზე საუბრისას, მერცმა თქვა, რომ „ამჟამად არავინ საუბრობს უკრაინაში სახმელეთო ჯარების შესახებ“ და აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, საზღვარგარეთ ჯარების გაგზავნის თანხმობას გერმანიის პარლამენტის – ბუნდესტაგის ნებართვას სჭირდება. მერცმა ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასრულების მცდელობების მიუხედავად, რომლებსაც, კერძოდ, აშშ-ის ადმინისტრაცია ახორციელებს, აუცილებელია მოვემზადოთ იმისთვის, რომ უკრაინაში ომი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის შესაძლებლად წელს ცეცხლის შეწყვეტას, კანცლერმა უპასუხა, რომ მას არ დაუკარგავს იმედი, რომ ეს მოხდება, მაგრამ ამავე დროს, მას არ აქვს ილუზიები, ამიტომ „იმ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერა, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა, კვლავ აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება“.
მერცის თქმით, ომი შეიძლება ძალიან სწრაფად დასრულდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დანებდება, მაგრამ ეს „ვარიანტი არ არის“, აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ფორუმი