ევროკომისიის ახალ საშინაო დავალებაზე მუშაობა იწყება, თარიღი უკვე შერჩეულია. “ქართულმა ოცნებამ” კარი ყველასთვის გახსნა. ორშაბათს პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პირველი სამუშაო შეხვედრაა ჩანიშნული.
მმართველი გუნდი შეხვედრაზე ყველა ოპოზიციურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას ელოდება. საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ განხილვებს, სავარაუდოდ, ოპოზიციის ის ნაწილიც დაესწრება, ვინც აქამდე ამაზე უარს ამბობდა, თუმცა, “ქართული ოცნება” მათი მხრიდან კონსტრუქციულ მსჯელობას არ ელის.
“ნაციონალური მოძრაობა” ევროკომისიის 9 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესში ჩართვას არ აპირებს. პარტია “ლელო” გადაწყვეტილებას ჯერ არ ასაჯაროებს. “სტრატეგია აღმაშენებელი” შეხვედრას დაესწრება, პოზიციის შეცვლა კი გიორგი ვაშაძის გუნდში სახელმწიფო ინტერესებით ახსნეს.
“ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით, ევროკომისიის 9 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესში ჩართვას გეგმავს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც სამუშაო ჯგუფებში წარსულშიც მონაწილეობდა. თუმცა, დეპუტატები სკეპტიკურად არიან განწყობილნი და ვარაუდობენ, რომ შეხვედრები შედეგის გარეშე დასრულდება.
მმართველი პარტია, როგორც ოპოზიციისგან, ასევე არასამთავრობო სექტორისგან არგუმენტირებული წინადადებების მოსასმენად მზად არის. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ, დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებები მათივე ლუსტრაცია იქნება, შეუძლიათ თუ არა სახელმწიფო ინტერესები პარტიულზე წინ დააყენონ.
9 დათქმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციის შემდეგ გადაეცა. პირველი სამუშაო შეხვედრა ორშაბათს, პარლამენტში შედგება.