ევროკომისია – პრეზიდენტ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკას არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად განვიხილავთ

ევროკომისია პრეზიდენტ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ „საპასუხო“ სავაჭრო პოლიტიკას არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს, – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
კომისია აცხადებს, რომ ევროკავშირი ერთგული რჩება პროგნოზირებადი გლობალური სავაჭრო სისტემის მიმართ, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა პარტნიორს.
„ევროკავშირი ინარჩუნებს ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ტარიფებს მსოფლიოში და მის ექსპორტზე -ის მიერ ტარიფების გაზრდის გამართლებას ვერ ხედავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკომისია მიიჩნევს, რომ ტარიფების დაწესებით, აშშ საკუთარ მოქალაქეებს ბეგრავს.
„ტარიფები არის გადასახადები. ტარიფების დაწესებით, აშშ საკუთარ მოქალაქეებს ბეგრავს, ზრდის ბიზნესის ხარჯებს, აფერხებს ზრდას და ზრდის ინფლაციას. ტარიფები ზრდის ეკონომიკურ გაურკვევლობას და არღვევს გლობალური ბაზრების ეფექტურობასა და ინტეგრაციას“, -აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ორმხრივად მომგებიან და დაბალანსებულ სავაჭრო პარტნიორობას, რომელიც გამჭვირვალობასა და სამართლიანობაზეა დაფუძნებული.
„ევროკავშირი მტკიცე და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის გაუმართლებელ ბარიერებზე, მათ შორის, როდესაც ტარიფები გამოიყენება სამართლებრივი და არადისკრიმინაციული პოლიტიკისთვის გამოწვევების შესაქმნელად. ევროკავშირი ყოველთვის დაიცავს ევროპულ ბიზნესს, მუშაკებსა და მომხმარებლებს გაუმართლებელი სატარიფო ზომებისგან“, – აღნიშნულია განცხადებში.