ევროკავშირში მიღება არაა პროცესი, როცა გვინდა დავაკაკუნებთ და კარი თავისით გაიღება, ეს შანსი გაგვიჩნდა და კანონი აღმოჩნდა ბარიერი – ეკა ბესელია

ვიტოვებ იმედს, რომ თქვენ დაიცავთ კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ქვეყანასა და მოქალაქეებს ააცილებთ ზიანს, რაც უკვე მოგვადგა და ყოველდღიურად გვადგება, ვიდრე ეს კანონი ძალაშია – ეს ზიანი არის არა ჰიპოტეტური და აბსტრაქტული, არამედ ძალიან კონკრეტული და უკვე დამდგარი ფაქტი! – ეს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე მ გააკეთა, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტის წარმომადგენელია.
ბესელიამ ხაზგასმით განაცხადა, რომ კანონი 1-ელი სექტემბრიდან კიდევ უფრო სახიფათო გახდება, როცა მისი მსუსხავი და რეპრესიული ზომები ამოქმედდება.
ბესელიამ განაცხადა ისიც, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რუსული კანონის მსგავსია.
“არ მახსოვს კანონის მიღებას იმდენი ადამიანის პროტესტი მოჰყოლოდეს, რაც ამ კანონის განხილვასა და მიღებას მოჰყვა. ბევრი მანიფესტაცია და მიტინგი მინახავს და არ მახსოვს ამდენი მოქალაქე, რომელმაც იგრძნო, თუ რა საფრთხეს ქმნის კანონი.
გასულ წელს კანონის მიღება შეჩერდა, მაგრამ შემდეგ ისევ დაინიცირდა, რამაც სამართლებრივი წესრიგის თვალსაზრისით ისეთ მნიშვნელოვან პრინციპს მიაყენა ზიანი, როგორიცაა ნდობისა და უსაფრთხოების პრინციპი.
ვიკითხავ რიტორიკულად – რა ზიანი მიადგა იმ ინტერესს, რომლის გამოც ეს კანონი შემოიტანეს და რომლის გამოც ამტკიცებენ, თითქოს კანონი ძალიან მნიშვნელოვანი და ლეგიტიმურია?! რაიმე დაზიანდა, რაც ის კანონი შეჩერდა, მის ხელახლა ინიცირებამდე?! შეუძლია ვინმეს თქვას, რა ზიანი გამოიწვია, როცა ეს კანონი არ არსებობდა ან როცა შეჩერდა?!
ახლა დავითვალოთ, რა ზიანი მიადგა ჩვენ ქვეყანას კანონის მიღების შედეგად – კანონი მიღებით დაირღვა კანონიერების პრინციპი, არ არსებობდა მისი მიღების ლეგიტიმური მიზანი, არ იყო დაცული პროპორციულობის პრინციპი და არ იყო არანაირი დასაბუთება, თუ რატომ იყო საჭირო ამ ზომით ჩარევა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებში, რა მასშტაბის ჩარევის საფრთხესაც ეს კანონი ქმნის“, – განაცხადა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.
ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რომ “არ არსებობს არავინ, ვისაც კი შეიძლება ზიანი მიადგეს, თუკი ამ სადაო აქტს შეაჩერებთ – უბრალოდ ვიღაცებს შეიძლება ნერვები აეშალოთ“.
“თუ სასწორის მეორე პინაზე ამ კანონის დამცველების – საბედნიეროდ, მცირე ჯგუფის ახირება თუ მათი პოლიტიკური მოტივაციისა და საგარეო ორიენტაციის არევა და შეცვლაა, ჩვენ და პირველ რიგში, საქართველოს კონსტიტუცია ამას ასე არ ვუყურებთ. როდესაც კონსტიტუციის 78-ე მუხლს ვწერდით, კარგად მახსოვს, რა ნორმატიული შინაარსი ჩავდეთ მასში, რატომ აღმოჩნდა განსაკუთრებულ ადგილას კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში და რა იყო ის ხაზგასმა, რისთვისაც ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ამ ქვეყნის ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მას ყოველგვარი რყევების და გარე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად გამოერიცხა რაიმე დაშვება იმისა, რომ საგარეო კურსი შეგვეცვალა. ცალკეულ განცხადებებში გვესმის, რომ კონსტიტუციის ეს მუხლი შეიძლება გადაისინჯოს – ღმერთმა ნუ ქმნას, რადგან საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეების გათვალისწინებით სწორედ კონსტიტუციის დონეზე განისაზღვრა, რა არის საქართველოს მისწრაფება და ჩაიწერა, რომ ეს არის ევროინტეგრაციის – ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაცია…
ევროკავშირში მიღება არაა მუდმივი და მარადიული პროცესი, როცა გვინდა დავაკაკუნებთ კარს და ეს კარი თავისით გაიღება. მოცემულ პოლიტიკურ კონტექსტსა და ვითარებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ქვეყანას ეს შანსი გაუჩნდა, ამ შანსის რეალურად ხელშესახები შედეგის დადგომის დროს სწორედ ეს კანონი აღმოჩნდა გადაულახავი ბარიერი. ჩვენ არ ვიცით, როდემდე ექნება ქვეყანას ეს შესაძლებლობა ან რა კონტექსტი შეიძლება იყოს მომავალში. ამიტომ საფრთხე, რომელიც დღეს არსებობს, მისი თავიდან არიდება შესაძლებელია ამ შეჩერებული პროცესის სწრაფად განგრძობით, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა აწმყოში მიიღონ ის სიკეთე, რასაც ისინი ევროპულ ოჯახში ინტეგრაციით ელოდებიან და არა ოკუპანტთან მარტო დარჩენით. ეს არის ის, რაც შეიძლება თქვენ გააკეთოთ ამ კანონის შეჩერებით.
როდესაც საუბარია ამ სადაო ე.წ. რუსულ კანონად წოდებული აქტის შეჩერებაზე, შეჩერების შემთხვევაში კითხვა, თქვენ ვინმეს უფლებებს დაარღვევთ თუ არა, ცალსახა პასუხია, არა! ვის უფლებებს დაიცავთ? – ალბათ, ყველა იმ მოქალაქის, ვისაც საკუთარი ქვეყნის მომავალი გააზრებული, მოაზრებული აქვს ევროპულ ოჯახში, რომ მიიღოს ის სიკეთე, რასაც ეს კავშირი ეფუძნება, უსაფრთხოება, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ“, – განაცხადა ბესელიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
მმართველი უმრავლესობის ინიციატივითა და მხარდაჭერით მიღებული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს პრეზიდენტმა, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა და პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.
ინტერპრესნიუსი