ლიეტუველი ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი აცხადებს, რომ ევროკავშირში დროის საკითხია „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესება.
“ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღებას ერთიანობა სჭირდება. სამწუხაროდ, როგორც სჩვევიათ ასეთ საქმეებს, რომელიც ეხება უკრაინასა და საქართველოს, დასჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გარდაუვალია. განსაკუთრებით ამერიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე” – აღნიშნა ევროპარლამენტარმა, რომელიც ასევე მხარს უჭერს საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას.
ამის შესახებ დაინიუს ჟალიმასმა თბილისში 28 დეკემბერს ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ლიეტუველი დანიუს ჟალიმასი და ასევე ევროპარლამენტარი, პოლონელი მიხალ ვავრიკევიჩი თბილისში იმყოფებიან, მათ პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა გამართეს.
„გამოვხატავთ ჩვენს სოლიდარობას სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს დემოკრატიული ძალების მიმართ. განვიხილეთ ურთიერთობის შესაძლო გზები. ასევე სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, მოქმედი პარლამენტიც არალეგიტიმურია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტს, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს, მხარს ვუჭერთ მის კანონიერ უფლებას თანამდებობაზე.
რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი საკითხია განსახილველი, როგორ ვითანამშრომლოთ მომავალში, როგორ შევუწყოთ ხელი გარდაუვალი გადაწყვეტილების მიღებას ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი, უნდა ჩატარდეს რეალური საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ და უნდა შეესაბამებოდეს ყველა საერთაშორისო სტანდარტს“, – განაცხადა დაინიუს ჟალიმასმა.
· „ქართული ოცნება“ 29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას გეგმავს.
· 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააჟღერა 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, თბილისსა და სხვა ქალაქებში 31-ე დღეა, უწყვეტი მასობრივი პროევროპული პროტესტი მიმდინარეობს.