ევროკავშირს ადამიანის უფლებებზე ახალი სპეციალური წარმომადგენელი ჰყავს

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ჰოლანდიელი პოლიტიკოსი კაიზა ოლონგრენი დანიშნა. მისი წინამორბედი ამ თანამდებობაზე იყო შვედი დიპლომატი ოლოფ სკუგი.
კაიზა ოლონგრენს ნიდერლანდების მთავრობაში არაერთი მაღალი თანამდებობა ეკავა, მათ შორის: შინაგან საქმეთა მინისტრისა და ვიცეპრემიერის. სულ ბოლოს 2022 წლის იანვრიდან 2024 წლის ივლისამდე ის ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი იყო. უფრო ადრე კაიზა ოლონგრენი ამსტერდამის ვიცემერიც იყო. ოლონგრენი არის ნიდერლანდების საჰაერო ძალების რეზერვისტი, Chatham Hause-ის მეცნიერ-თანამშრომელი და საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მომუშავე არაერთი ორგანიზაციის საბჭოს წევრი.
ახალი სპეციალური წარმომადგენელი ხელს შეუწყობს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა პოლიტიკის განხორციელებას, ევროკავშირის პოზიციას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების მხარდაჭერაში. კაიზა ოლონგრენი დაეხმარება ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებებზე დიალოგს მესამე ქვეყნებს მთავრობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა აქტორებს.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლები ხელს უწყობენ ევროკავშირის პოლიტიკისა და ინტერესების გატარებას სხვადასხვა რეგიონსა და ქვეყანაში. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის – კაია კალასის საქმიანობას დღეს ხელს უწყობს 11 სპეციალური წარმომადგენელი სხვადასხვა სფეროში. მათ შორის ერთ-ერთია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში მაგდალენა გრონო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ