ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალი, მე-13 პაკეტი 194 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.
„საბჭომ დღეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების მეორე წლისთავის გათვალისწინებით, შემაკავებელი ზომების მე-13 პაკეტი მიიღო პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია პუტინის უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომის გაგრძელებაზე და მნიშვნელოვნად უჭერს მას მხარს. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დამატებით 106 ფიზიკური და 88 ორგანიზაციისთვის შემაკავებელი ზომების დაწესებაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრასა და საფრთხის შექმნაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ევროკავშირის საბჭო განმარტავს, რომ ახალი სანქციები ძირითადად ეხება სამხედრო და თავდაცვის სექტორებს და მათთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის მათ, ვინც ჩართულია ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებაში, ასევე სასამართლოს წევრებს, ადგილობრივ პოლიტიკოსებს და უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე პასუხისმგებელ პირებს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ იმ პირებისა და ორგანიზაციების საერთო რაოდენობამ, რომლებსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრისა და საფრთხის შექმნის გამო, ორი ათასს გადააჭარბა.
„სანქცირებული პირები ექვემდებარები აქტივების გაყინვას და ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ, მათთვის სახსრები ხელმისაწვდომი გახადონ. ფიზიკურ პირებზე ასევე ვრცელდება მოგზაურობის აკრძალვა, რაც ხელს უშლის მათ ევროკავშირის ტერიტორიებზე შესვლაში ან ამ ტერიტორიაზე გავლაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-13 პაკეტში დაამატა 27 ახალი ორგანიზაცია, რომლებიც უშუალოდ უჭერენ მხარს რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში.
„ისინი ექვემდებარებიან უფრო მკაცრ საექსპორტო შეზღუდვებს ორმაგი დანიშნულების საქონელსა და ტექნოლოგიებზე, ისევე როგორც ისეთ საქონელსა და ტექნოლოგიაზე, რომელმაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაციების ნაწილი განლაგებულია მესამე ქვეყნებში: ინდოეთში, შრი-ლანკაში, ჩინეთში, სერბეთში, ყაზახეთში, ტაილანდსა და თურქეთში და ჩართულები არიან სავაჭრო შეზღუდვების გვერდის ავლაში, ზოგი კი რუსული ორგანიზაციებია, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ელექტრონული კომპონენტების შექმნაში, წარმოებასა და მიწოდებაში.
„გარდა ამისა, დღევანდელი გადაწყვეტილება აფართოებს იმ შეზღუდულ ნივთების ჩამონათვალს, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყონ რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას უპილოტო საფრენი აპარატების განვითარებისა და წარმოებისთვის კომპონენტების დამატებით. და ბოლოს, ევროკავშირმა შემოიღო დამატებითი შეზღუდვები იმ საქონლის ექსპორტზე, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის სამრეწველო შესაძლებლობების გაძლიერებას, როგორიცაა ელექტრო ტრანსფორმატორები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ევროკავშირის ცნობით, დღევანდელი გადაწყვეტილებით, გაერთიანებული სამეფო ემატება პარტნიორი ქვეყნების სიას, რომლებიც აწესებენ შემზღუდველ და კონტროლის ზომებს რუსეთიდან რკინისა და ფოლადის იმპორტზე და ეს ზომები, არსებითად, ევროკავშირის ზომების ეკვივალენტურია.