ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღეს.
ეს ზომა პასუხია ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების სასტიკ ჩახშობასა და ირანის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის მხარდაჭერის გაგრძელებაზე. Dpa-ს სააგენტოს ცნობით, დაახლოებით 30 სუბიექტია სანქციების სამიზნე, მათ შორის არიან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურები, ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი ესქანდარ მომენი და გენერალური პროკურორი მოჰამად მოვაჰედი აზადი.
მინისტრები აპირებენ ასევე გადაწყვეტილება მიიღონ ირანის რევოლუციური გვარდიის – “გუშაგთა კორპუსის” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ.
IRGC-ის ნაწილი, “ბასიჯთა” რაზმები დემონსტრაციების ჩახშობისას მთავარი ძალა იყო.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განხილვის დასაწყისში მოლოდინი გამოთქვა, რომ “გუშაგთა კორპუსი” ევროკავშირის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიას დაემატება.
გადაწყვეტილების შემდეგ “გუშაგთა კორპუსი” მოხვდება იმავე კატეგორიის ორგანიზაციებს შორის, როგორებიცაა „ისლამური სახელმწიფო“, „ჰამასი“ და „ალ-ყაიდა.“ ამ ნაბიჯით ევროპის ქვეყნები ირანის ხელმძღვანელობის მიმართ პოზიციას სულ მცირე, სიმბოლურად იცვლიან.
ირანში იანვრის დასაწყისში საპროტესტო გამოსვლების დროს ათასობით ადამიანი მოკლეს. აშშ-ში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ირანში ძალადობის შედეგად ბოლო კვირების განმავლობაში სულ მცირე 6373 ადამიანი დაიღუპა და, სავარაუდოდ, ეს რიცხვი კიდევ უფრო დიდია. ამავე ცნობით, 42450-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.




