უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინასა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
შეხვედრა ბრუსელში შედგა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ეს შეთანხმება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, 10 წლის განმავლობაში, უკრაინას სამხედრო, ფინანსური, ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარება გაუწიონ.
შეხვედრაზე უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებებს ესტონეთთან და ლიეტუასთანაც მოეწერა ხელი.
ურსულა ვონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას, რაც მას აგრესიული ომისგან დასაცავად და მომავალ თავდასხმებთან გასამკლავებლად სჭირდება.
„დღეს ჩვენ უკრაინის უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას, სამხედრო წვრთნებსა და დახმარებას, რომელიც უკრაინას აგრესიული ომისგან თავის დასაცავად და მომავალი თავდასხმის შესაკავებლად სჭირდება. ეს ხაზს უსვამს, რომ ჩვენ გრძელვადიანი პერსპექტივა გვაქვს“, – წერს ვონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე.