ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

ევროკავშირის საბჭომ ბელარუსის წინააღმდეგ დამტკიცებული სანქციათა პაკეტი გააფართოვა. მიზეზად საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ბელარუსის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიის მხარდაჭერა და ომში ჩართულობა სახელდება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური და სექტორული სანქციების პაკეტი უფრო ეფექტურს გახდის რუსეთის წინააღმდეგ მიღებული შემზღუდავი ზომების მოქმედებას, ვინაიდან “რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკებს შორის მჭიდრო ინტეგრაცია ხელს უწყობს რუსეთის მიერ ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლას”.
სანქციათა პაკეტი შეზღუდავს ბელარუსული წარმოების ტექნოლოგიური პროდუქტის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტს, რაც ხელს უწყობს ბელარუსის სამრეწველო, სამხედრო ან ტექნოლოგიური პოტენციალის გაძლიერებას; აიკრძალება ბელარუსისთვის ან ბელარუსის ხელისუფლებისთვის ევროკავშირის მხრიდან გარკვეული ტიპის სერვისებს მიწოდება; აიკრძალება ბელარუსში რეგისტრირებული სატვირთო მანქანების გადაადგილება ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებულ გზებზე.
პაკეტი ასევე ითვალისწინებს მიზანმიმართული ზომების მიღებას იმ ფიზიკური ან იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც გვერდს უვლიან სანქციებს ან მნიშვნელოვნად უთხრიან ძირს მათ მიზანს ან ეფექტურობას.
ბელარუსის წინააღმდეგ სანქციათა გაფართოებული პაკეტის დამტკიცების შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნები 3 დღის წინ, 26 ივნისს შეთანხმდნენ.
ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მე-14 პაკეტი 24 ივნისს მიიღო. სანქციების სამიზნე რუსული ეკონომიკის მაღალი ღირებულების სექტორებია, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობა. ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, მიღებული ზომები კიდევ უფრო გაართულებს რუსეთის მიერ ევროკავშირის სანქციების გვერდით ავლას.