ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მომავალ წელს ყოველთვიურად 1,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს – ანტონიო კოშტა
ევროკავშირი უკრაინის ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერას 2025 წელსაც გააგრძელებს. წლის ბოლომდე ბლოკი ქვეყანას 4,2 მილიარდ ევროს გამოუყოფს, 2025 წელს კი ყოველთვიურად 1,5 მილიარდ ევროს გადაურიცხავს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკვე ამ თვეში ევროკავშირი უკრაინას დამატებით 4,2 მილიარდ ევროს გადასცემს უკრაინის ბიუჯეტის მხარდასაჭერად. გარდა ამისა, მომავალი თვიდან ჩვენ ყოველთვიურად, მთელი წლის განმავლობაში, დამატებით 1,5 მილიარდ ევროს ოდენობით დახმარებას გამოვუყოფთ. ჩვენ ამ თანხებს ვიღებთ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით და მათი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც შეიძლება“, – განაცხადა კოშტამ.
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ზეწოლას რუსეთის ეკონომიკაზე და უკვე მუშაობს სანქციების მე-15 პაკეტზე, რათა შეამციროს რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობა უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში.
წყარო: ინტერპრესნიუსი