ევროკავშირი სომხეთს 18 მილიონი ევროთი დაეხმარება

“არმენპრესის” ინფორმაციით, სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა დაფინანსების შეთანხმება სომხეთის რესპუბლიკასა და ევროკომისიას შორის – ” შეთანხმება სახელმწიფო გაძლიერებისა და გამძლეობის შესახებ სომხეთის რესპუბლიკისთვის”. როგორც სომხური მედია იუწყება, 20 ივნისს მთავრობის სხდომაზე შესაბამისი პროექტი ვიცე-პრემიერმა მგერ გრიგორიანმა წარადგინა.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში ხელმოწერილი პროგრამის მიზანი, რომლის საერთო ღირებულება 15 მილიონი ევროა, არის სომხეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა, კერძოდ, პრიორიტეტად წამოიწევა მთიანი ყარაბაღიდან დევნილების საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პრობლემები, ასევე მათი გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციაა.
“პროგრამის ფარგლებში იგეგმება ერთჯერადი მრავალი დანიშნულების ფინანსური დახმარება, დროებითი საცხოვრებლის საჭიროებებისა და კომუნალური ხარჯების, ქალთა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, ასევე მასპინძელი თემების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაცია”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ კიდევ ერთი შეთანხმებით, რომელიც არის მთავრობის არასაანგარიშო საკითხების პაკეტში, ევროკავშირი მხარდასაჭერად დამატებით 3 მილიონ ევროს გამოყოფს .
“აღნიშნული პროგრამა ასევე მიზნად ისახავს მთავრობის მხარდაჭერას უფრო ფართო რეფორმების პროცესში, ასევე მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შემდგომ სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციაში, კერძოდ, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სტრატეგიების განხორციელებაში”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ