ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს დოკუმენტირებული ძალადობისა და დაშინების აქტები – სტანო

ევროკავშირის პრესსპიკერი, პიტერ სტანო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე, აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის მზარდი შემთხვევების გამო.
სტანოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოუღონ “ნეგატიურ მოვლენებს” და ზედმიწევნით და დროულად გამოიძიოს დოკუმენტირებული ძალადობისა და დაშინების აქტები.
იგი, ასევე მოუწოდებს ქართველ პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ ისეთი ფორმულირებების გამოყენებისგან, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს “უკიდურესი პოლარიზაცია” ქვეყანაში.
სტანო, ასევე ახსენებს დეზინოფრმაციის გავრცელებას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ და აცხადებს, რომ კვლავ შეშფოთებას გამოხატავენ ამის გამო.
“ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მცდარი განცხადებებისგან, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმართულ განცხადებულ მისწრაფებებს არ შეესაბამება და ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.
ამჟამად ევროკავშირი განიხილავს ყველა ვარიანტს რეაგირებისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და სხვა ქმედებებზე, რომელიც საქართველოში დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის.
მოვუწოდებთ მთავრობას, ევროკავშირის გზას დაუბრუნდეს. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას და მხარს უჭერს მის დაუძლეველ არჩევანს დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
11 ივნისს, დილით სამოქალაქო აქტივისტს ზუკა ბერძენიშვილის სახლთან თავს დაესხნენ. ის რამდენიმე დღის წინ წერდა, ჩასაფრების შესახებ, რომელიც მას სოფელში მოუწყვეს, თუმცა მაშინ თავის დაღწევა მოახერხა.
11 ივნისს დილით, ბერძენიშვილზე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, და „ევროპის სახელით მიმდინარე“, „ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანია“ უწოდა მისი თქმით „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენებს. პაპუაშვილი გულისხმობს მოქალაქეთა რეაქციებს მმართველი პოლიტიკური გუნდის წვერების მიმართ.
„აგენტების კანონის” მიღების შემდეგ მოქალაქეები საჯარო სივრცეში „მოღალატეებს“ და „მონებს“ უწოდებენ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს.
„ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ პოსტში ახსენებს მოძრაობა “სირცხვილიას” დამფუძნებლებს სალომე ბარკერსა და ზურა ბერძენიშვილსაც.
„ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით (სალომე ნიკოლაიშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, “სირცხვილია”)”, – დაწერა პაპუაშვილმა.
ამასთან გრძელდება „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების დევნა, დაშინება და შეურაცხყოფა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს სახლებისა და ოფისების კედლებზე მუქარის შემცველი წარწერები ხვდებათ, თავს დაესხნენ ოპოზიციური “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს.
7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან რამდენიმე პირი თავს დაესხა და სცემა აქტივისტს და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს.
გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული აქტივისტებზე თავდამსხმელი არც ერთი პირი.
ამასთან მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილის თქმით, 9 ივნისის დილით”ხალხის ძალის” დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ პოლიციამ აეროპორტში, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა.
პოლიციაში იყო დაბარებული მოქალაქე დავით კუპრავა, რომელსაც პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს.

ასევე დაგაინტერესებთ