ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ იმ ახალგაზრდების გვერდით დგას, ვინც საქართველოში ქვეყნის ევროპული ღირებულებების დასაცავად იბრძვიან. ამის შესახებ წარმოამდგენლობა საუბრობს „მსოფლიო ბავშვთა დღის“ შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოში, ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან. ჩვენ მათ გვერდით მტკიცედ ვდგავართ და ხაზს ვუსვამთ მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის აუცილებლობას.
ჩვენ ვაგრძელებთ ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვას ძალადობისგან და ვუსმენთ მათ ხმას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, შექმნას უსაფრთხო გარემო თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისთვის“, – წერია საქართველოში ევროკავშირის წარმოამდგენლობის გავრცელებულ განცხადებაში.
ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები, მათ შორის ახალგაზრდები (სტუდენტები) აპროტესტებენ ცესკოს გამოცხადებულ შედეგებს, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ მეოთხე ვადით რჩება ხელისუფლებაში. შედეგებს გაყალბებულს უწოდებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.