ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიისთვის სანქციების მოხსნის საკითხს იანვრის ბოლოს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იანვრის ბოლოს შეხვდებიან სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხის განსახილველად. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ერ-რიადში მიმავალ გზაზე განაცხადა, სადაც სირიის შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართება.
„ჩვენ ვიმუშავებთ, რომ იმ დროისთვის შევძლოთ ამ საკითხზე ფაქტობრივი გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა კაია კალასმა.
შეგახსენებთ, სირიაში ბაშარ ალ ასადის რეჟიმი ამბოხებულებმა 8 დეკემბერს დაამხეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავად ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში იმყოფებიან, სადაც მათ თავშესაფარი მიიღეს.