ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ ს წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა. ახალი სანქციები შეზღუდვებს უწესებს რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებს, როგორებიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობა და ართულებს ევროკავშირის შეზღუდვების გვერდის ავლას.
ევროკავშირის სანქციები ითვალისწინებს ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის გადატვირთვის მომსახურების აკრძალვას მესამე ქვეყნებში გადაზიდვის მიზნით; მშენებარე თხევადი ბუნებრივი აირის პროექტების დასასრულებლად ახალი ინვესტიციების აკრძალვას; ფინანსური შეტყობინებების სისტემის (SPFS) გამოყენების აკრძალვას; პორტებთან დაშვებისა და გემებისთვის მომსახურების გაწევის აკრძალვას, რომლებიც რუსეთის ომში მონაწილეობენ; ევროკავშირში ფრენების უფრო ფართო აკრძალვას; შემდგომი იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს და შეზღუდვებს.
გარდა ამისა, პოლიტიკურ პარტიებსა და ფონდებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარ ექნებათ უფლება, მიიღონ დაფინანსება რუსეთიდან, ხოლო სანქციები დაეკისრა 116 იურიდიულ და ფიზიკურ პირს.
რაც შეეხება ახალი ინვესტიციების აკრძალვას, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი განმარტავს, რომ ევროკავშირი კრძალავს ახალ ინვესტიციებს, ასევე საქონლის, ტექნოლოგიებისა და სერვისების მიწოდებას თხევადი ბუნებრივი აირის მშენებარე პროექტების დასასრულებლად, როგორებიცაა Arctic LNG 2 და Murmansk LNG.